საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალოვან უწყებებში დასაქმებულთა პენსიები გაიზრდება. 3 ნოემბრის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან თქვა, რომ მაქსიმალური პენსია ახლა 560 ლარია და 1000 ლარამდე გაიზრდება.
"ასევე, საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით გაიზარდოს", - თქვა პრემიერმა პოლიციელების, ჯარისკაცების, სპეცსამსახურების თანამშრომლების პენსიაზე საუბრის დროს.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ოჯახის წევრები ყოველთვიურად 1000-ის ნაცვლად, გაზრდილ, 1200 ლარის ოდენობის, კომპენსაციას მიიღებენ.
დამატებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მომავალი წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.