ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა და მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ, 3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შერჩეულ ინვესტორს დეკემბერ-იანვარში გამოაცხადებენ.
„ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მლნ ლარი. 50 მლნ ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მლნ ლარი უკვე წელს გამოვუყავით. ანუ ჩვენი მხრიდან დასადები თანხები მობილიზებულია. დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე. აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა. დეკემბერ-იანვარში მაქსიმუმ, გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტ-აპრილში. დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანაკლიაში პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება. უფრო ადრე, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2020 წლის დასაწყისში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, 25 ოქტომბერს ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი". ო'ბრაიენის თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ "ანაკლიის" პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში."