ჩვენ განსხვავებულები ვართ. მაშ, რატომ გვგონია, რომ ჩვენი ვაგინები ერთმანეთს უნდა ჰგავდეს?

აშშ-ის სექსუალური მედიცინის ეროვნული ასოციაციის გამოკვლევის თანახმად, ქალების 87% პლასტიკურ გინეკოლოგიას მხოლოდ და მხოლოდ „სილამაზისთვის“ მიმართავს.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გადავაწყდი ქალის პოსტს. შეწუხებული წერდა, ჩემს 14 წლის ქალიშვილს ასიმეტრიული სასქესო ბაგეები აქვს. სადღაც მოუსმენია, ასეთი ბაგეები იმ ქალებს აქვთ, რომლებიც „აქტიური სქესობრივი ცხოვრებით არიან დაკავებულები“, ან უკვე იმშობიარესო. დარდობდა. კითხვები ჰქონდა და გამოსავალს ეძებდა, როგორ გადაეჭრა „პრობლემა“.

კომენტარებს ჩავუყევი. ქალების ნაწილი უდასტურებდა, უი, კი, სასქესო ბაგეების ასიმეტრია ნაღდად აქტიურმა სქესობრივმა ცხოვრებამ იცისო. ნაწილი ამშვიდებდა, არა, მთლად ასეც არ არისო და თან ურჩევდა, როგორ გამოესწორებინათ „ეს პრობლემა“ - პლასტიკური გინეკოლოგიის დახმარებით. უბრალოდ, დანამდვილებით არ იცოდნენ, უკეთებდნენ თუ არა 18 წლამდე გოგოებს სასქესო ბაგეების პლასტიკას და ყოველი შემთხვევისთვის, ექიმთან კონსულტაციას ემხრობოდნენ.

შეფიქრიანებული დედის პოსტს გამოეხმაურნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ, ქალი დაერწმუნებინათ, რომ ყველა ვულვა უნიკალურია, არ არსებობს ვულვის სრულყოფილი სიმეტრია, სქესობრივი ცხოვრება არაფერ შუაშია სასქესო ბაგეების ფორმასთან და რეალურ ცხოვრებაში, ქალის ვულვა ძალიან ხშირად და უმეტესად, განსხვავდება პორნოინდუსტრიაში დამკვიდრებული სტერეოტიპისგან - რომ ყველა ქალს აქვს (უნდა ჰქონდეს) „ღია ვარდისფერი და უნაკლოდ სიმეტრიული ვულვა“.

პოსტებს და კომენტარებს შევყევი, - სხვადასხვა დახურული ჯგუფიდან ჯგუფში გადასულმა აღმოვაჩინე, როგორ ეძებენ და ასწავლიან ქალები ერთმანეთს ვულვის „გალამაზების“ მეთოდებს, რომელიც არცთუ უმტკივნეულო გზაზე გადის და რომელიც ისევე, როგორც ყველა სხვა სამედიცინო პროცედურა თუ ქირურგიული ჩარევა, სარისკოა და თან საკმაოდ ძვირიც.

კიდევ უფრო „საინტერესო“, სტერეოტიპებით გაჟღენთილი აღმოჩნდა ესთეტიკური კლინიკების სარეკლამო გზავნილები. აი, მაგალითად, ასეთი – ვულვის ფორმის ვიზუალური ცვლილება, რომელიც „თანამედროვე ქალბატონებს მორალურ და ფიზიკურ კმაყოფილებას“ ჰპირდება, და იმ ქალებისთვისაა, „რომლებიც ყურადღებას აქცევენ ნაოჭებს არა მხოლოდ სახეზე, არამედ სურთ ინტიმური სფეროს გალამაზება“ და რომლებსაც ასევე სურთ, „წარსდგნენ სრულყოფილი სხეულით პარტნიორთან”.

არცთუ მცირე მოკვლევის შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ „უშნო ვაგინის“* გამო დარდი და შფოთვა ქალებს ტვირთად ძირითადად სხვებმა აჰკიდეს. დარდი, რომელიც მოგვიანებით კომპლექსში გადაიზარდა და ამ ქალების სქესობრივი და ფსიქიკური ცხოვრება განსაზღვრა.

„საშინელი შესახედი, შავი ვაგინა გაქვს“

„ჩემმა უკვე ყოფილმა მეგობარმა მითხრა, ჯობს კაბები ატარო, ხალხის ყურადღებას რატო იქცევ, საზიზღრობააო. ამ ყველაფერმა დამაკომპლექსა. მაინტერესებს, შესაძლოა რამე ოპერაციის მსგავსი ჩავიტარო?“

„21 წლის ვარ და სექსი ვერ მაქვს სასირცხვო ბაგეების ზომის გამო. სერიოზულ სტრესში ვარ, წარმომიდგენია, მამაკაცისთვის რა უსიამოვნო იქნება. იქნებ იცოდეთ, დაახლოებით რა თანხებთან არის დაკავშირებული ლაბიოპლასტიკა?“

„შავგვრემანი ვარ, და მაქვს შედარებით მუქი კანი ვაგინასთან. მგონია, რომ ამის გამო შეყვარებულთან უხერხულობა შეიქმნება, არ მოეწონება, რადგან მის ქვეყანაში ქერა, თეთრი, ქათქათა გოგოები არიან (მისი ყოფილიც ასეთია). როგორ დავძლიო შიში და სიმორცხვე?“

ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ პოსტების, რომლებსაც ქალები სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ერთმანეთს უზიარებენ და თავის გამხნევებასა და „პრობლემის გამოსწორებას“ ცდილობენ.

ზუსტად ასე დაიწყო ერთი წლის წინ გამოსავლის ძებნა 19 წლის ელენემაც*. „იცით, რატომ მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი? ვიცი, ის ბევრს დაეხმარება“, - მეუბნება გოგო, რომლის პირველი სექსუალური გამოცდილება იმდენად ტრავმული აღმოჩნდა, რომ ამ ტრავმას დღემდე ებრძვის:

„შუა პროცესისას გაჩერდა, საშინელი შესახედი, შავი ვაგინა გაქვსო. შოკირებული ვიყავი, მანამდე თავი მიმზიდველი და ლამაზი მეგონა და უცებ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მიწასთან გამასწორა“.

იმ დღის შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, რომ მას „საშინელი ვაგინა“ აქვს და ვულვის, სასქესო ბაგეების ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, რომელსაც სამედიცინო ენაზე ლაბიოპლასტიკა ჰქვია. ოპერაციისათვის საჭირო თანხის შეგროვებაც დაიწყო. თუმცა, მეგობარმა დაიჟინა, სანამ ფულს შეაგროვებ, იქნებ ფსიქოლოგთანაც მისულიყავიო:

„მეორე სეანსის მერე დავიწყე სარკეში ჩახედვა და მივხვდი, რომ ჩემი სხეული ჩემია და არავის აქვს მასზე ცუდის თქმის უფლება. ვიდექი ხოლმე სარკის წინ შიშველი და ვაქებდი საკუთარ თავს. ახლა ვიცი, რომ ლამაზი ვარ. ვიცი, რომ ჩემი ვაგინა, ისევე როგორც ყველა ქალის ვაგინა, ერთმანეთისგან განსხვავებულია, ვიცი, რომ განსხვავებული ნიშნავს ლამაზს და არა ცუდს და არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ არის საჭირო, თუკი საქმე ჯანმრთელობის პრობლემას და სამედიცინო ჩვენებას არ ეხება. იმდენი გოგო იტანჯება ამ უაზრო სტერეოტიპით, იმდენი“...

„უი, როგორი საჩქმეტი გაქვს“

მაკა 29 წლისაა. მიყვება, რომ მის სასქესო ორგანოს ჯერ კიდევ ბავშვობიდან „ამკობდნენ” დედა და უფროსი და - „დამაკნინებელი არა, თითქოს უფრო მოფერებით, „ბულკი“, „ფუმფულა“, მაგრამ თავიდანვე გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ისე ვერ მქონდა, როგორც სხვებს“.

როგორც კი წამოიზარდა, უარი თქვა ტანზე მომდგარი შარვლების, საცურაო კოსტიუმის ჩაცმაზე: „ამ ჩემი ვაგინის "სიმსუქნის" დამალვას ვცდილობდი ყველგან“ და დაიწყო ოცნება ექიმთან მისვლაზე:

„ოღონდ რისი ექიმი მჭირდებოდა, არ ვიცოდი და ვერც ვერავის ველაპარაკებოდი ამაზე. 18 წლის გავხდი თუ არა, გავიპარე გინეკოლოგთან. ვუხსნიდი, რომ ვაგინის ფორმა არ მომწონდა, მინდოდა ჩაემტვრიათ ძვალი და ზედაპირი გაესწორებინათ. ცხადია, უარით გამომისტუმრეს“.

20 წლისამ, მეგობრის უადგილო რეპლიკის გამო, საბოლოოდ გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება:

„ისევ უარით გამომისტუმრეს. ახლა 29 წლის ვარ. თითქოს ასე თუ ისე შევეგუე ჩემი ვაგინის ვიზუალს. თუმცა დღემდე ცუდად, დაუცველად და მახინჯად ვგრძნობ თავს. ალბათ ოდესმე ისევ ვცდი ოპერაციის გაკეთებას. რეპლიკები არ წყდება. თუნდაც ეპილაციის გაკეთებისას, ან გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტისას, რომ თურმე როგორი "საჩქმეტი" მაქვს“.

მაკას შეყვარებული ჰყავს. სექსი არ აქვს, ეშინია, მისმა ვაგინამ პარტნიორს „იმედები არ გაუცრუოს“:

„რთულია ემოციების კონტროლი. არ მიცდია ფსიქოლოგთან მისვლა. რამდენჯერაც დაქალს, დას ან თუნდაც დედას დაველაპარაკე ამ თემაზე, ეცინებათ, - "ვერ ხარო", მეუბნებიან, "ნეტა შენი პრობლემა მოგვცაო“.

„ასეთი მინიატურული ხარ, არ ველოდი ამხელა ვაგინას“

33 წლის ნინოს ორი შვილი ჰყავს. ორივე ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. საკუთარი ვაგინის ვიზუალურ მხარეზე არასდროს უფიქრია, სასქესო ორგანო არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ პრობლემას არ უქმნიდა, არც ქმრისგან მოუსმენია „რაიმე ტიპის შეფასება”, სანამ ერთ დღეს გინეკოლოგთან, გეგმურ ვიზიტზე არ მივიდა:

„ერთ-ერთ ბოლო მისვლაზე, როდესაც გინეკოლოგიურ სავარძელზე ვიწექი, ჩამხედა და მეუბნება: "უი, რამხელა ვაგინა გაქვს". შევცბი, წლებია მასთან დავდივარ. რას გულისხმობთ-მეთქი და მპასუხობს: ასეთი მინიატურული ხარ და არ ველოდი ამხელა ვაგინასო. ძალიან დავიძაბე, დავიბენი“.

იმ დღიდან მოყოლებული ნინომ პლასტიკურ გინეკოლოგიაზე ფიქრი და ქირურგების ძებნა დაიწყო. მათთან კონსულტაციაც გაიარა:

„პლასტიკურმა ქირურგმა მითხრა, რომ "ორჯერ ნამშობიარების კვალობაზე", ყველაფერი წესრიგში გაქვს, თუმცა, შემიძლია, ფილერი შევიყვანო, ვიზუალურად უფრო შეგილამაზოო. ოპერაციის კალკულაციაც გავაკეთეთ. მაგრამ ბოლოს მაინც უარი ვთქვი. სანამ ჯანმრთელი ვარ, ჯობია, შევირგო“.

ფსიქოლოგ მარიამ იველაშვილს არაერთ ქალთან უმუშავია, რომლებიც პარტნიორის რეპლიკების გამო, „შეპყრობილნი იყვნენ“ პლასტიკური გინეკოლოგიის იდეით.

განსაკუთრებით დაამახსოვრდა პაციენტი, რომელიც მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, საკუთარი ვულვის ფორმით კვლავ უკმაყოფილო იყო. მოლოდინი, რომ ოპერაციის შემდეგ, მისი სექსუალური ცხოვრება შეიცვლებოდა, არ გამართლდა:

მარიამ იველაშვილი

„ეგონა, ოპერაცია მეტ თავდაჯერებულობას, მეტ სექსუალობას შესძენდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია და ისევ გეგმავდა ოპერაციის გაკეთებას. თუმცა, სანამ კვლავ ქირურგს მიმართავდა, ფსიქოთერაპევტთანაც გადაწყვიტა კონსულტაციის გავლა. ხანგრძლივი მუშაობდა დაგვჭირდა, რომ საკუთარი სხეულის მიმღებლობა ესწავლა“.

მარიამ იველაშვილი ამბობს, რომ თუკი სამედიცინო ჩვენებას გამოვრიცხავთ, გენიტალიის პლასტიკურ ქირურგიას უმეტესად მიმართავენ ქალები, რომლებსაც უჭირთ საკუთარ სხეულთან კონტაქტის დამყარება და ამის გამო დაუცველობის განცდა უჩნდებათ:

„შესაძლოა, ადამიანს მართლაც ჰქონდეს რაიმე ფიზიოლოგიური პრობლემა, სამედიცინო ჩვენება და მას ნამდვილად ესაჭიროებოდეს ქირურგიული ჩარევა, თუმცა, ხშირად ვხვდები პაციენტებს, რომლებსაც საკუთარი სხეულის მიუღებლობა აქვთ, მაგალითად, დაუსრულებლად შეუძლიათ ითვალიერონ სხეულის ნაწილები, მათ შორის, გენიტალია და საკუთარ სხეულში შესაძლოა არ მოეწონოს ისეთი რამ, რაც რეალურად, აბსოლუტურად შეუმჩნეველი შეიძლება იყოს და, მით უმეტეს, არანაირ ფიზიოლოგიურ დარღვევას არ წარმოადგენდეს მისთვის“.

No Perfect Vagina

5 წლის წინ თამ ფონიავამ დახურული ფეისბუკჯგუფი Space for Female talk/სივრცე ქალური საუბრებისთვის შექმნა. ამ ხნის განმავლობაში ჯგუფში 100 ათასზე მეტმა ქალმა მოიყარა თავი.

ცოტა ხნის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დაადასტუროს, ანუ აღარ გამოაქვეყნოს იმ ქალების პოსტები, რომლებიც ვულვის პლასტიკური ოპერაციით მხოლოდ იმიტომ ინტერესდებიან, რომ პარტნიორისა თუ მცდარი სტერეოტიპების გავლენის გამო სურთ ჰქონდეთ „უნაკლო ვაგინა“.

თამ ფონიავა

„არც დედა ეტყვის შეფიქრიანებულ შვილს, რომ როგორი ფორმის ვულვაც აქვს, ნორმალურია, რადგან მშობლების თაობაშიც, უმეტესობამ, არ იცის, რომ არ არსებობს ე.წ. უნაკლო ვაგინა და, მით უმეტეს, ვერც მეგობრები ეტყვიან ამას. ჩვენთვის არავის უსწავლებია, რომ ყველა ვაგინას უნიკალური ფორმა აქვს. ფაქტობრივად, ერთადერთი წყარო, რაც გოგოებისა და ბიჭების დიდ ნაწილს აქვს, რომ შეისწავლონ სხეული, არის პორნოგრაფიული ინდუსტრია. სწორედ ამ ინდუსტრიიდან დაიბადა ე.წ. სილამაზის სტანდარტი, რომელიც სრულყოფილ, პატარა ბაგეებსა და ვარდისფერ ვულვას გულისხმობს. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია და ხედავენ, რომ თურმე, ვიღაცას აქვს თეთრი ვულვა, უჩნდებათ კითხვა, აბა, მე რატომ მაქვს განსხვავებული? კაცებიც ანალოგიურ ვაკუუმში არიან და როდესაც რეალურ პარტნიორებს ხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათ პორნოვიდეოებში ნანახი ვაგინებისგან განსხვავებული ვაგინები აქვთ, პრობლემის ძებნას ისევ ქალებში იწყებენ. ქალები კი იწყებენ ფიქრს, მე ხომ არ მჭირს რაიმე ანომალიური? იქნებ მე მაქვს მახინჯი სხეული?“

თამ ფონიავას, როგორც ასიათასიანი ფეისბუკჯგუფის ადმინისტრატორს, ხშირად მიმართავენ ესთეტიკური ცენტრებიც, რომლებიც რეკლამის სანაცვლოდ, ჯგუფის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის პლასტიკურ პროცედურას სთავაზობენ, მათ შორის ე.წ. ბლიჩინგს, ანუ, ვულვის ფერის გაღიავებას, სასქესო ბაგეების კორექციას.

„ამ შეთავაზებებზე მაქვს ერთადერთი პასუხი - არა. პირიქით, ჩვენ ვდებთ პოსტებს, რითაც ვახსენებთ ქალებს, რომ ასიმეტრიული და მუქი ვულვა ნორმალურია და მასში უცნაური და სამარცხვინო არაფერია. ცხადია, თუკი არ არსებობს რაიმე ფიზიოლოგიური პრობლემა და სამედიცინო ჩვენება, რომელსაც სჭირდება გამოსწორება ცხოვრების ჯანსაღი ფორმით გაგრძელებისთვის“.

პლასტიკური გინეკოლოგიის ბუმი

ბოლო ათწლეულში პლასტიკური გინეკოლოგიის რიცხვი, მაგალითად, აშშ-ში, 600%-ითაა გაზრდილი. თუკი 2011 წელს შტატებში პლასტიკური გინეკოლოგიის 2200 პროცედურა ჩატარდა, 2019 წელს ეს რიცხვი 13 ათასამდე გაიზარდა.

2011 წელს, აშშ-ის სექსუალური მედიცინის ეროვნული ასოციაციის გამოკვლევის თანახმად, ქალების 87% პლასტიკურ გინეკოლოგიას მხოლოდ და მხოლოდ „სილამაზისთვის“ მიმართავდა. ანუ, ამ ქალებს არ ჰქონდათ არანაირი ფიზიოლოგიური პრობლემა, უბრალოდ სურდათ „შეელამაზებინათ“ ვულვა.

2020 წელს ჩატარებული კიდევ ერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ლაბიოპლასტიკის ანუ სქესობრივი ბაგეების პლასტიკური ქირურგიის შემდეგ, ქალების 96% თავს უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველად გრძნობდა. ლაბიოპლასტიკას უმეტესად 18-34 წლის ქალები მიმართავენ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

აშშ-ის ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად კი, არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ მაგალითად, ლაბიოპლასტიკა ქალების სექსუალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

„როდესაც პაციენტს ვკითხე, რატომ სურდა ოპერაციის გაკეთება და როგორ წარმოედგინა მას უნაკლო ვულვა, Playboy-ს მოდელის ფოტო მაჩვენა, ასეთი მინდაო. ქალების მეორე ნაწილი მოდის და ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სურთ, პარტნიორებს ასიამოვნონ ესთეტიურად ლამაზი ვაგინითა და ვულვით. პლასტიკური ქირურგები კი ქალებს იზიდავენ ასეთი ტექსტებით - თქვენი ვაგინა "გაახალგაზრდავდება", ის იქნება "სრულყოფილი“, - ამბობს ამერიკელი პლასტიკური ქირურგი, დევიდ მეტლოკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პლასტიკური გინეკოლოგია - როგორც სამედიცინო ჩვენება

პლასტიკური გინეკოლოგიის რიცხვი უკანასკნელ წლებში გაიზარდა საქართველოშიც. პლასტიკურ ქირურგებს ქალები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ორი მიზეზით მიმართავენ. პირველი - ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგალითად, როდესაც მათ სურთ სასქესო ბაგეების ზომის, ფორმისა თუ ფერის შეცვლა და მეორე - სამედიცინო ჩვენება, როდესაც პაციენტს აწუხებს ვაგინალური პროლაფსი, ანუ, საშოს კუნთების მოდუნება, ჩამოწევა, რაც შემდგომში იწვევს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დაწევას, არაერთ ფიზიოლოგიურ პრობლემასთან, მათ შორის, უნებლიე შარდვასთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, ამ ტიპის პრობლემების გამოსწორება ქალების ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელია.

ეს სამედიცინო ჩვენება ძირითადად ტრავმული მშობიარობისა და ასაკობრივი ცვლილებების შემდეგ ჩნდება.

ერთი წლის წინ სწორედ ამ მიზეზით მიმართა პლასტიკურ გინეკოლოგიას 37 წლის თათიამ. ორი ტრავმული მშობიარობის შედეგად, მას ნაკერების კორექცია და საშოს კუნთების დაჭიმვა სჭირდებოდა:

„ამ ეტაპზე, პროცედურა, ანუ საშოს კედლების დაჭიმვა, აპტოსის ძაფებით (კოსმეტიკური ძაფი) გავიკეთე. ეს დროებითი პროცედურაა. თუკი მესამე ბავშვის გაჩენას გადავიფიქრებ, მაშინ უკვე ქირურგიულ მეთოდს მივმართავ, რომელიც როგორც ამიხსნეს, სამუდამოდ აგვარებს პრობლემას. პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩემი თვითშეფასება, ასევე მგრძნობელობის ხარისხი, სექსუალური ცხოვრებაც გამიუმჯობესდა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ახალგაზრდა ქალს აწუხებს ეს პრობლემა, მათ შორის, ჩემს ახლო მეგობრებს, დედაჩემსაც. ჩემს სამედიცინო ჩვენებაში შარდის შეუკავებლობა არ იყო, თუმცა, ჩემი მეგობარი ხშირად მსაყვედურობს ხოლმე, ხალხში ნუ მაცინებო... ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, უნებლიე შარდვა შესაძლოა სიცილმაც კი გამოიწვიოს“.

გინეკოლოგი და პლასტიკური ქირურგი ფატმა შერვაშიძე ამბობს, რომ ვაგინალური პროლაფსის ჩივილებით მას ბევრი პაციენტი მიმართავს და საშოს პლასტიკური ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ამ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

რაც შეეხება ლაბიოპლასტიკას, ანუ სასქესო ბაგეების კორექციას, ბევრია ამ პროცედურის ჩატარების მსურველი. მათ შორის, 18 წლამდე ასაკის მოზარდები. თუმცა, ამბობს, რომ ყოველ ჯერზე ქალებთან ხელახლა განიხილავენ, სინამდვილეში რატომ სურთ სასქესო ბაგეების შეცვლა - იმიტომ, რომ ფიზიოლოგიური პრობლემები აქვთ, თუ, მაგალითად, მათი ვაგინა პარტნიორს არ მოსწონს:

„მოდიან პაციენტები, რომლებსაც თავად არ მოსწონთ მათი ვულვის ანატომიური ფორმა, სასქესო ბაგეების ზომა. თუმცა, მოდიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ვაგინა არ მოსწონთ პარტნიორებს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბაგეები იმდენად დიდი იყოს, რომ სექსუალური აქტის დროს დისკომფორტს ქმნიდეს. ამ ყველაფერს ჩვენ განვიხილავთ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომით. ჩვენთვის უმთავრესია პაციენტის ინტერესი. შესაბამისად, მისი ინტერესის გათვალისწინებით, ვწყვეტთ ოპერაციის მასშტაბს“.

კიდევ ერთი პროცედურა, რომელსაც დღეს ქალები მიმართავენ, ეს არის კლიტორის ქუდის რეზექცია.

„გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ვიზუალურად არ მოსწონს, როდესაც კლიტორის მიდამოში ბევრი ნაოჭია, ეს ვიზუალური კუთხით უქმნის პრობლემას პაციენტს. დიდი ზომის კლიტორი შეიძლება, საცურაო კოსტიუმში იყოს გამოკვეთილი. არის კიდევ მეორე მიზეზი, კლიტორი უშუალოდ არის დაკავშირებული ორგაზმთან, შესაბამისად, როდესაც ზედმეტი ქსოვილი ეფარება კლიტორს, შეგრძნებები უფრო დაქვეითებულია. სწორედ ასეთი შემთხვევების დროს კეთდება კლიტორის ქუდის რეზექცია“.

პლასტიკური გინეკოლოგია - ვინ უნდა გაიკეთოს, ვინ უნდა გააკეთოს

საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი და ქირურგი რევაზ ბოჭორიშვილი, ბევრი წელია საშოს პლასტიკურ ოპერაციას უკეთებს ქალებს, რომლებსაც ამ პროცედურის სამედიცინო ჩვენება აქვთ და მეუბნება, რომ ამ ტიპის პროცედურაზე მოთხოვნა საფრანგეთში ძალიან მაღალია.

ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ტენდენციებსაც და ამბობს, რომ პლასტიკურ გინეკოლოგიაზე საუბრისას, კლინიკები უმთავრეს აქცენტს ვაგინის ესთეტიკურ მხარეზე აკეთებენ და არა სამედიცინო ჩვენებაზე.

აკვირდება იმ ტენდენციასაც, როდესაც ქალების ნაწილი პროცედურის ჩატარებას ითხოვს არა საკუთარი, არამედ პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით:

რევაზ ბოჭორიშვილი

„ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, რადგან ეს არის მდგომარეობა, რომელსაც არანაირი სამედიცინო გამართლება არ აქვს. არ მგონია, ქალი თავად იკომპლექსებდეს თავს, რომ მისი ვაგინა ან ვულვა რაღაც სტანდარტებს არ შეესაბამება. ეს სტერეოტიპი მეტწილად კაცების დამკვიდრებულია და ამ სტერეოტიპების შეცვლას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, სექსუალური განათლება ადრეული ასაკიდანვე, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. პორნოგრაფიული ვიდეოებიდან მიღებული ე.წ. ცოდნა უამრავ ყალბ სტერეოტიპს აყალიბებს და შემდეგ მივდივართ ამ სრულიად არაჯანსაღ ურთიერთობებამდე, რომელიც ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მის სექსუალურ ცხოვრებაზე ძალიან მძიმედ აისახება და მზად არის გაიკეთოს ოპერაცია, რომელიც მისთვის აბსოლუტურად არ არის საჭირო“.

რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, მცდარია შეხედულება, რომ პლასტიკური გინეკოლოგია მარტივი პროცედურაა და მიაჩნია, რომ ამ ტიპის ოპერაციებს მხოლოდ ქირურგიის გამოცდილების მქონე ექიმები უნდა ატარებდნენ:

„რას სთავაზობენ დღეს ექიმები პლასტიკური გინეკოლოგიის მსურველ ქალებს? მაგალითად, ჰიალურონის მჟავის შეყვანას, საშოს კედლების დაჭიმვას, კორექციას ლაზერით... საქმე ეხება საშოს ზონას, კედლებს, რაც არის ძალიან მგრძნობიარე არეალი, ბევრი ნერვული დაბოლოებით. ეს არის ძალიან მტკივნეული რეგიონი და ამ პროცედურის ჩატარებას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ასეთი დიფერენციაცია. რამდენიმე დღის წინაც გვქონდა ტრენინგი და ვარჩევდით, პლასტიკური გინეკოლოგიის დროს რომელი ძაფის გამოყენებაა უმჯობესი, უნდა იცოდე ამ ძაფის თვისებები, 21 დღეში გაიწოვება თუ 30 დღეში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც საშოს კედლებში შეჰყავთ ჰიალურონის მჟავა ან ფილერი, ექიმებმა ზუსტად იციან, როდის გაიწოვება ის ან არ გაიწოვება, რამდენ ხანს ექნება ეფექტი და ა.შ.“

მაგალითად, ერთ-ერთი პროცედურა, რომელსაც საქართველოში პაციენტებს ესთეტიკური ცენტრები აქტიურად სთავაზობენ, ეს არის ლაზერული ტექნოლოგიის მეშვეობით საშოს დავიწროება მოცულობაში და ასევე „დიდი სასირცხვო ბაგეების გაახალგაზრდავება ლაზერით“.

არადა, „ვაგინის გაახალგაზრდავების“ პროცედურისას ლაზერის გამოყენება არ არის დამტკიცებული მკაცრი მაკონტროლებელი ორგანოს, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ, რადგან, მათი განმარტებით, არ არსებობს ამ პროცედურის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი მტკიცებულებები:

„ჩემი [ქართველი] კოლეგები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ამ პროცედურის რეკლამას აკეთებენ. საფრანგეთში ლაზერით მსგავსი ტიპის მანიპულაცია საერთოდ არ გამოიყენება. პირველი, ამ ტიპის პროცედურას არ ანაზღაურებს სამედიცინო დაზღვევა, რადგან არ არსებობს არანაირ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ეს პროცედურა იძლევა შედეგს და გარდა ამისა, უკვე არსებობს FDA-ის გაფრთხილებები, სადაც აღნუსხულია ლაზერის გამოყენების შედეგად მიღებული დამწვრობები“, - ამბობს რევაზ ბოჭორიშვილი.

როგორც ყველა სხვა ქირურგიულ ოპერაციას, პლასტიკურ გინეკოლოგიასაც ახლავს რისკები - ანთებითი პროცესის წარმოქმნა, ნერვის დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მგრძნობელობის დაკარგვა, ისე ჰიპერმგრძნობელობა.

ვულვარიუმი - ვულვის სკულპტურები სტერეოტიპების დასანგრევად

არ მეგონა, რომ ვიქტორია მიპასუხებდა. ჩემი რა მიდის, მაინც მივწერ-მეთქი, ვთქვი და რამდენიმე მშრალი წინადადება დავაკაკუნე. გამარჯობა, მე ვარ ესა და ეს, საქართველოდან, ვმუშაობ ამა და ამ თემაზე და მადლობელი ვიქნები, თუკი გამომეხმაურებით, - მივწერე ავსტრიელ ხელოვანს, ვიქტორია კრუგს, რომელიც წლებია ქალების ვულვების სკულპტურებს ამზადებს.

ვიქტორიამ რამდენიმე საათში მიპასუხა: „მოხარული ვარ, ამ თემით რომ დაინტერესდით“.

მიმოწერა-ინტერვიუ მეილით შედგა.

ყველაფერი 2020 წლის მარტში დაიწყო. 27 წლის ვიქტორიამ, ერთ-ერთი ხელოვანის გამოფენის ნახვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე, ყველა ქალის ვულვა უნიკალური და განსაკუთრებულია:

ვიქტორია კრუგი

„პირველ რიგში, გადავწყვიტე, ეს საკითხი უფრო ღრმად შემესწავლა და აღმოვაჩინე, რომ ამ თემას დიდი ტაბუ ედო და სრულიად არასწორი შეხედულება ჰქონდა მასზე საზოგადოებას. სწორედ მაშინ დავიწყე საკუთარი ვულვის შესწავლა, შემდეგ შევქმენი ჩემი ვულვის ზუსტი ანალოგი და შედეგით აღფრთოვანებული დავრჩი. მინდოდა, ეს გრძნობა სხვა ქალებსაც გამოეცადათ, ეამაყათ საკუთარი ვულვით და ასე დაიბადა "ვულვარიუმის" შექმნის იდეაც. ახლა ჩემი მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, როგორი მრავალფეროვანია ვულვის ფორმა და, რომ არ არსებობს წესი თუ სტანდარტი, რომელსაც ვულვა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს“.

შთამაგონებლები, მამაცები და მეამბოხეები - ამ სამი სიტყვით ახასიათებს ვიქტორია ქალებს, რომელთა ვულვების ასლებიც მან ამ სამი წლის განმავლობაში დაამზადა. „ყველაზე პატარა 17 წლის იყო, ყველაზე დიდი - 72-ის“, - მწერს არტისტი:

ვიქტორია კრუგის მიერ შექმნილი ვულვის სკულპტურა

„რელიგიურები, დედები, ორსულები, სექს-მუშაკები - მრავალფეროვანია იმ ქალების ჯგუფები, რომლებთანაც მიმუშავია. მათი ნაწილი საკუთარი სხეულის აღმოჩენის პროცესშია. ბევრი მათგანი კი ჩემი სკულპტურების დახმარებით ძველი ტრავმების მოშუშებას ცდილობს. ისინი ბევრნი არიან, ალბათ 1500-მდე მაინც“.

სამუშაო პროცესის დაწყებამდე ვიქტორია ქალებს დიდხანს ესაუბრება, აცნობს თავს, ისინი თავიანთ ამბებს ჰყვებიან, ასეთი საუბრები ხანდახან საათობითაც გაგრძელებულა:

„მეუბნებიან, რატომ სურთ ჰქონდეთ საკუთარი ვულვის სკულპტურა, რა ამბებს, შიშებს თუ სტერეოტიპებს უკავშირებენ მას. ვათვალიერებთ სხვა სკულპტურების ფოტოებს. დეტალურად ვუხსნი, როგორ ავიღებ ვულვის ასლს და ამის შემდეგ გადავდივართ უშუალოდ სამუშაო პროცესზე. ასლის ასაღებად ვიყენებ ალგინატს, მასალას, რომლითაც სტომატოლოგები კბილების ასლებს აკეთებენ“.

ვიქტორია კრუგი იღებს ვულვის ასლს

ეს პროცედურა სულ რაღაც 15 წუთს გრძელდება. ამის მერე არტისტი უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას და დასრულებულ სკულპტურას ქალებს სახლში უგზავნის.

ვიქტორია მწერს, რომ მთელი ეს პროცესი სახალისო, საინტერესო და არცთუ ისე რთულია. თუმცა, თავისტკივილი მაშინ იწყება, როცა საქმე, მაგალითად, ვულვის ფოტოს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებას ეხება, რადგან ხშირად, სოციალური მედია ვულვის გამოსახულებას პორნოგრაფიად აღიქვამს:

ვიქტორია კრუგის მიერ შექმნილი ვულვის სკულპტურები

„როგორ უნდა ვისაუბროთ სოციალურ ქსელში, მაგალითად, ვულვის სიჯანსაღესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორსულობაზე, ტაბუზე და ა.შ., თუკი ამ საკითხებს სოციალური მედია პორნოგრაფიასთან აიგივებს? ვულვა ძალიან სექსუალიზებული და ტაბუდადებულია ყველგან, სოციალურ მედიაში, სკოლაში, ოჯახებში და ამ თემაზე საგანმანათლებლო საკითხების გასაშლელად თითქოს არსად მოიძებნება ადგილი. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ებრძვის ვულვის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს, ეს სერიოზული პრობლემაა“.

რას ეტყვი ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ უშნო ვაგინები აქვთ, რომ მათ ამის გამო პარტნიორები დასცინებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ და ვერასდროს ექნებათ სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება?

„ჩვენი სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთმანეთისგან განსხვავდება ჩვენი სხეულები. მაშ, რატომ ვფიქრობთ, რომ იქ, ქვევით, ყველანი ერთმანეთს უნდა ვგავდეთ? სამწუხაროდ, ჩვენ არასდროს, ან ძალიან იშვიათად გვეუბნებიან, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და ყველა შემთხვევაში, ვართ კარგები. თუმცა, არა უშავს, საკუთარი თავის სიყვარულის სწავლა და განათლება მიგვიყვანს იმ წერტილამდე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ სილამაზე სწორედ მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე გადის“.

*სტატიაში რესპონდენტთა ნაწილის სახელები შეცვლილია.

*ეს სტატია არ არის ანატომიის ან ქირურგიის სამეცნიერო ჟურნალისთვის დაწერილი მასალა. შესაბამისად, სტატიის სათაურში გამოტანილი სიტყვა "ვაგინა" და არა "ვულვა" ამ ტიპის, არასამეცნიერო სტატიებში ფართოდ გამოიყენება - მაგალითად, როდესაც სტატია ეხება ქალის სასქესო ორგანოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, იქნება ეს ვულვის ვიზუალური მხარე თუ ვაგინის რაიმე სამედიცინო ჩვენებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებამ კონსულტაცია გაიარა სპეციალისტებთან და ჩაითვალა, რომ ტერმინი "ვაგინა" სრულად შეესაბამება იმ შინაარსს, რასაც სტატია ეხება - ვულვის ვიზუალური მხარე და ვაგინასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც სპეციალისტი რევაზ ბოჭორილიშვილი განმარტავს, "სამეცნიერო, სამედიცინო, სასწავლო, ქირურგიული თვალსაზრისითაც, ტერმინი "ვაგინალური” ბევრად უფრო ფართო გაგებით გამოიყენება. მაგალითად, “ვაგინალურ ქირურგიას” მიეკუთვნება სწორედ კლიტორის, სასირცხო ბაგეების ქირურგია".