შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა კორპორაცია „აფკ-სისტემასა“ და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე.
საერთო ჯამში სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი მოხვდა.
ფიზიკურ პირებს შორის არიან კონცერნ „კალაშნიკოვის“ შვილობილი კომპანიის, Zala Aero-ს მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრ ზახაროვი და მისი ოჯახის წევრები. ზახაროვი მონაწილეობდა უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტის“ შექმნაში.
ცნობილია, რომ კამიკაძე დრონი „ლანცეტებით“ დაზიანდა და განადგურდა უკრაინის არმიის მინიმუმ რამდენიმე ათეული ტექნიკა. მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების რადარები, საარტილერიო ქვემეხები და ჯავშანტექნიკა.
გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, ზახაროვის ცოლი, ვაჟი ნიკიტა და ქალიშვილი მარია ჩართული არიან დრონების წარმოების ბიზნესში, ხოლო უმცროსი ვაჟი ლავრენტი რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს. მან სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დიდ ბრიტანეთში დაამთავრა.
2021 წლიდან ლავრენტი ზახაროვი მუშაობს გაეროს სტრუქტურებში ნიუ-იორკსა და რომში. 2023 წლის მაისში მან დაიწყო მუშაობა ჟენევაში გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტში. ზახაროვი უმცროსი ატარებს კვლევებს საბრძოლო მასალის მართვის, ნაღმების გაწმენდისა და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული წვდომის სფეროებში.
აშშ-ის სანქციები ასევე შეეხო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილს, იაკუბ ზაკრიევს. ის გახდა შპს „დანონ როსიას“ გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ 12 რუსული და ერთი უზბეკური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დრონების წარმოების ხელშეწყობისთვის.
კომპანიები არ არის დასახელებული. ყველა მათგანი შეტანილია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს შავ სიაში. უწყების ცნობით, კომპანიებმა დახმარება გაუწიეს რუსეთის თავდაცვის კომპლექსის საწარმოებს, კერძოდ, შეიძინეს ან განავითარეს დრონები.
ასევე ნახეთ სანქციები ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიასა და ადვოკატს - რა ვიცით