ჟურნალისტებმა დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს რუსეთთან დაკავშირებული 900 კომპანიის ქსელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი ლეონიდ რეიმანი. ბაიკონური, 18 ივნისი, 2008.

რუსეთის მოქალაქის კუთვნილმა იურიდიულმა ფირმამ დიდ ბრიტანეთში 900-ზე მეტი იურიდიული პირი გახსნა. მათი დახმარებით რუს ბიზნესმენებსა და ჩინოვნიკებს სანქციებისთვის თავის არიდება შეეძლოთ. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Finance Uncovered-ისა და სეიშელის სამაუწყებლო კორპორაციის გამოძიებაში.

სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული იურიდიული ფირმის, Alpha Consulting-ის ხელმძღვანელია რუსეთის მოქალაქე ვიქტორია ვალკოვსკაია. კომპანიის ოფისები გაიხსნა მოსკოვსა და ლონდონში. კომპანია 2017 წლიდან მოქმედებს და მისი პარტნიორი კომპანიების ნაწილმა მაინც შეუწყო ხელი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან აქტივების რეალური მფლობელების დამალვას, ნათქვამია გამოძიებაში. გარდა ამისა, Alpha სხვა მომსახურებასაც უწევდა რუსებს, რომლებსაც დასავლეთის სანქციების ეშინოდათ.

როგორც გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, Alpha Consulting-ი დაეხმარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის კომპანიას, შეექმნა იურიდიული პირი სეიშელის კუნძულებზე და მისი სიდედრის სახელზე დაარეგისტრირა ის. Alpha-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრის, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ლეონიდ რეიმანის ერთ-ერთი კომპანია დირექტორით უზრუნველყო. დირექტორმა რეიმანი არ დაარეგისტრირა პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირად, რაც შესაძლოა მის კომპანიას დაეხმარა დამატებითი შემოწმებებისთვის გვერდის ავლაში.

როგორც რადიო თავისუფლებამ შეამოწმა, სეიშელის კუნძულებზე ვალკოვსკაიას კომპანიას რუსეთის მოქალაქეებისთვის რეკომენდაციას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ვებსაიტზე ადვოკატთა სიაში აღნიშნულია, რომ ვალკოვსკაიას აქვს რუსებთან მუშაობის გამოცდილება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

Alpha-ში გამომძიებელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ის ყოველთვის მკაცრად იცავს კანონებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ის არ მოქმედებს კლიენტების ან შუამავლების სახელით, რომლებიც, მისი აზრით, კანონდარღვევაში არიან გარეული. ისინი უარყოფენ რაიმე კავშირს პრიგოჟინის ბიზნესთან. კომპანიამ ვერ იპოვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ყოფილი მინისტრის, რეიმანის შეყვანას პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირთა სიაში, ნათქვამია Alpha Consulting-ის პასუხში.