დაღესტნის მუფთმა დაითხოვა რესპუბლიკაში ცნობილი ორი ღვთისმეტყველი, რომლებმაც ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს „ჯიჰადი“ უწოდეს. საბოლოო ჯამში, თანამდებობა დატოვეს შერიგებისა და ფატვის განყოფილების ხელმძღვანელებმა მუჰამად-რასულ საადუევმა და ზაინულა ატაევმა.
"თვითნებური გამოსვლები არ არის ღირსეული საქციელი და მიუღებელია ნებისმიერი სერიოზული ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის", - განაცხადა მუფთიათმა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მუფთიათის შეფასებით, პალესტინის ავტონომიაში მიმდინარე მოვლენები არ არის „ჯიჰადი“, რადგან იგი არ გამოცხადებულა მუსლიმანური ქვეყნების ხელმძღვანელების მიერ.
აღნიშნული ანტისემიტური განცხადება მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ არეულობამდე გაკეთდა.
- 29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს.
- დაღესტნის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის 9 პოლიციელი.
- რუსეთის შსს-მ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დაადგინეს მასობრივი არეულობების 150-ზე მეტი აქტიური მონაწილე და მათგან 60 უკვე დაკავებულია.
- კრემლმა არეულობა დააბრალა "გარედან ჩარევას". პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში ანტისემიტური არეულობა "დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით".
- აშშ-მა დაგმო დაღესტნის აეროპორტში გამართული ძალადობრივი ანტისემიტური აქცია, ხოლო რუსეთის განცხადებას უკრაინის მონაწილეობაზე "აბსურდი" უწოდა.
ასევე ნახეთ
ებრაელების დაღესტნური „პოგრომი“ - რუსეთის „რელიგიური ჰარმონიიდან“ „სისტემურ ანტისემიტიზმამდე“