ამერიკის პენცენტრი საქართველოში კულტურის მოთვინიერებაზე ანგარიშს აქვეყნებს

საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან. 12 ივლისი, 2023 წელი

ამერიკის პენცენტრი საქართველოში კულტურის პოლიტიკის შესახებ აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც განხილულია ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნულ მუზეუმში, ეროვნულ კინოცენტრში, მწერალთა სახლსა და სახელმწიფო თეატრებში განვითარებული მოვლენები. საკადრო ცვლილებების, ბუნდოვანი რეორგანიზაციის, დამოუკიდებელი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დევნის ფაქტების ანალიზი ანგარიშის ავტორებს აძლევს საშუალებას, ისაუბრონ კულტურის სფეროში ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მართვის სტილის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს აკონტროლოს და ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

"კულტურის დათრგუნვა, ისევე როგორც კულტურის ცნობილი მოღვაწეების და ინსტიტუტების გამოყენება მთავრობის დღის წესრიგის გასაძლიერებლად, ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებია მთელ მსოფლიოში. კულტურის მოღვაწეები დიდი გავლენით სარგებლობენ საზოგადოებაში და მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ღია და დემოკრატიული კულტურის ფორმირებაში. ამიტომ, თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ მთავრობები დამოუკიდებელ აზროვნებას, რომელიც საზოგადოებებს განსხვავებული მომავლის წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. როდესაც კულტურის სივრცეებში მხოლოდ ისინი არიან წარმოდგენილნი, ვინც ხელისუფლების ხაზს აძლიერებს, ამით სიგნალი ეგზავნება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომ მათ თვითგამოხატვას არ მიესალმებიან და იქმნება თვითცენზურისა და იზოლაციის კულტურა", - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესები დადებით გავლენას არ იქონიებს არც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე და არც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:

- მწერალთა სახლისთვის ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჩამორთმევა, რასაც წინ უძღოდა სამინისტროს მცდელობა, ჩაესვა თავისი კანდიდატი პრემიის ჟიურიში;

- სამინისტროს მიერ ალტერნატიული ლიტერატურული კონკურსების დაარსება, რომლებსაც გამჭვირვალობის და სანდოობის პრობლემა აქვთ;

- მწერალთა სახლის ხელმძღვანელისთვის, ნატაშა ლომოურისთვის, ვადამდე, სამი თვით ადრე, ხელშეკრულების შეწყვეტა და მის ნაცვლად მმართველი პარტიის წევრის, ქეთი დუმბაძის დანიშვნა.

- ეროვნულ გალერეაში გაკეთებული წარწერის გამო სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება - არტისტმა გამოფენის გახსნისას გალერეის კედელზე დაწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია."

- არტისტების მხარდამჭერი განცხადების გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლების მისვლა, იქიდან ფერწერული ტილოების წამოსაღებად.

- ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც ორივე ინსტიტუციიდან 150-მდე ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ასევე, მუზეუმის მმართველობით ორგანოდ დირექტორატის შექმნა და სამეცნიერო პროექტების შეჩერება.

- კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლება ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე.

- სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" ჩვენების გაუქმება კინოაკადემიის პრეზიდენტის მხრიდან.

- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის დისკრიმინაციული პროცესი.

"საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, შელახოს კულტურის დარგის მუშაკების და დაწესებულებების დამოუკიდებლობა, არ არის ბიუროკრატიული ახირება, არამედ ორგანიზებული ქმედებაა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლების და კულტურული უფლებების შეზღუდვაა. ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ უფლებებით სარგებლობას საქართველოში და ძირს უთხრის ადამიანის სხვა უფლებების გამოყენებასაც", - წერენ ანგარიშის ავტორები პოლინა სადოვსკაია და ჯეინ ბიუჯენენი. სადოვსკაია ამერიკის პენცენტრის ევრაზიის პროგრამის დირექტორია, ბიუკენენი - ამერიკის პენცენტრის ხელმძღვანელი. ანგარიშზე მუშაობისას მათ ჰქონდათ კომუნიკაცია საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან, ქეთი აბაშიძესთან ("ადამიანის უფლებათა სახლი") და გიორგი გოგიასთან ("ჰუმან რაითს ვოჩი"). ანგარიში ეყრდნობა ასევე სიღრმისეულ ინტერვიუებს როგორც კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებთან, ისე მათ უფლებადამცველებთან.

ამერიკის პენცენტრის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაცემული რეკომენდაციებია:

  • შეაჩერეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმების სისტემის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის პროცესი. შექმენით დამოუკიდებელი საბჭო შესაბამისი დარგების ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან, რომელიც კონსულტაციას გაუწევს კულტურის სამინისტროს მრავალფეროვანი მოსაზრებებისა და შესაბამის გამოცდილების უზრუნველყოფით, რათა სამინისტრომ შეიმუშაოს გეგმები ქვეყნის მუზეუმების, ეროვნული კინოცენტრის და სხვა დაწესებულებებისა და პროგრამების განვითარებისთვის.
  • საჯაროდ იკისრეთ ვალდებულება, უზრუნველყოთ მუზეუმებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებში თანამშრომელთა აყვანის კანონიერი, სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასების პროცესი.
  • აღადგინეთ ის თანამშრომლები მათ წინა პოზიციებზე, რომელთა გათავისუფლებასაც სასამართლო უსამართლოდ ცნობს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი აღდგენა შეუძლებელია კანონით.
  • უზრუნველყავით კულტურის გათავისუფლებულ მუშაკებსა და მსგავს საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი და დროული აღსრულება, მათ შორის კომპენსაციის გადახდა.
  • მიეცით შესაძლებლობა კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარ ექსპერტთა დამოუკიდებელ ორგანოებს, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფო თეატრების დირექტორთა შესარჩევი კომისია, საგრანტო განაცხადების განმხილველი სამეცნიერო საბჭო და მსგავსი ორგანოები, მიიღონ გადაწყვეტილებები და გასცენ რეკომენდაციები კულტურის სფეროში და პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს.
  • წარმართეთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და პატივი ეცით შეთანხმებებს საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან.
  • უზრუნველყავით, რომ გრანტის მიმღებებმა, რომლებიც მათ კულტურის, სამეცნიერო-კულტურული კვლევის თუ სხვა მიზნებისთვის მიენიჭათ, შეუფერხებლად განახორციელონ თავიანთი პროექტები შესაბამისი დაწესებულებების ჩარევის გარეშე და მათი მხრიდან დახმარების გზით, როგორც ამას საპროექტო დოკუმენტაცია და სხვა შეთანხმებები ითვალისწინებს. ეს მოიცავს წვდომის უზრუნველყოფას მუზეუმის კოლექციებთან, შესაბამის არტეფაქტებსა და სხვა რესურსებთან.
  • მიეცით უფლება მკვლევრებს, გადაიტანონ გრანტით დაფინანსებული თავიანთი პროექტები სხვა დაწესებულებებში.
  • აქტიურად შეასრულეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის გაძლიერების მიზანს ემსახურება.

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს, აქ ვკითხულობთ:

  • აღმოუჩინეთ ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა დამოუკიდებელ მხატვრებს, მწერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს და საქართველოს კულტურის სხვა წარმომადგენლებს და აღკვეთეთ ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, გააკონტროლოს ან ჩაერიოს ასეთ მხარდაჭერაში.
  • საჯაროდ და პრივატულად გამოხატეთ მძლავრი და მკაფიო მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლებების მიმართ და განსაკუთრებით გაუსვით ხაზი კულტურის სფეროს მნიშვნელობას და აქტუალობას სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობაში.
  • მხარი დაუჭირეთ სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, მათ შორის კულტურის სხვადასხვა ორგანიზაციას. სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ მხარდაჭერის აღმოსაჩენად ორგანიზაციების შერჩევის პროცესს და პრიორიტეტი მიანიჭეთ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს.
  • მოითხოვეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვას კანონის უზენაესობა, გამოიძიოს და პასუხი აგებინოს იმ პირებს, რომლებიც არღვევენ გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის მიღების უფლებას.
  • ხაზი გაუსვით საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების, როგორც შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუძემდებლური ელემენტის, დაცვის საჭიროებას.
  • მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ისეთ კანონებსა და პრაქტიკაზე, რომლებიც ზღუდავს თავისუფალ გამოხატვას.