დემოკრატიის დიდი არსენალი?

ევროპის ხალხები, რომლებიც თავს იცავენ, არ გვთხოვენ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვიბრძოლოთ. ისინი გვთხოვენ სამხედრო აღჭურვილობას, თვითმფრინავებს, ტანკებს, ქვემეხებს, სატვირთო გემებს, რაც მათ საშუალებას მისცემს იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ მათ ეს იარაღი საკმარისი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა დავიცვათ თავი იმ ომის აგონიისა თუ ტანჯვისგან, რომლის გადატანა უწევთ სხვებს. (…) გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი წარმოებული იარაღი გაიგზავნება საზღვარგარეთ და რამდენი დარჩება სახლში, უნდა მივიღოთ ჩვენი საერთო სამხედრო საჭიროებების საფუძველზე. (...) ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიის დიდი არსენალი.

ფრანკლინ რუზველტი. 29 დეკემბერი, 1940

ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკის ჯარების რუსეთში ან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნას. (...) ეს არის გონივრული ინვესტიცია ამერიკის უსაფრთხოებაში, რომლის ნაყოფსაც თაობები მოიმკიან და რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ ამერიკის ჯარები საფრთხისგან, დაგვეხმარება ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული მსოფლიო ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. (...) როდესაც ჩვენ ვიყენებთ კონგრესის მიერ [უკრაინისათვის] გაცემულ ფულს, ვიყენებთ მას საკუთარი მარაგის შესავსებად. ახალი აღჭურვილობისთვის, რომელიც დაიცავს ამერიკას და დამზადებული იქნება ამერიკაში. (...) თქვენ იცით, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, დღესაც პატრიოტი ამერიკელი მუშები აშენებენ დემოკრატიის არსენალს და ემსახურებიან თავისუფლების საქმეს.

ჯო ბაიდენი. 19 ოქტომბერი, 2023

ისრაელიდან დაბრუნებული ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 603-ე დღეს პირველად ესაუბრა ამერიკელებს უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე. აირჩია რა რუზველტის ლექსიკა, ბაიდენი დაეყრდნო მორალურ არგუმენტს: „დემოკრატიის დიდი არსენალის“ პასუხისმგებლობას დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ. რუზველტის მსგავსად, ბაიდენიც აღიარებს, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა მორალურ პერსპექტივაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა არ დარჩეს ზედაპირული და არასრული. ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა 83 წლის წინ, მანაც იცის, რომ იზოლაციონისტების დასარწმუნებლად საჭიროა ეგოისტური და მორალური არგუმენტების ერთმანეთთან შეჯერება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბაიდენი რუზველტის ცნობილ ტოგა-მოსასხამს ირგებს. აპრილში შევეცადე, მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა შემედარებინა ზელენსკისადმი ბაიდენის დღევანდელ დახმარებასთან. როგორც მაშინ აღვნიშნე, მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლონდონს მიაწოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების 7,2%. თუ ამას მივამატებთ სხვა მოკავშირეებისათვის გაწეულ დახმარებას, მაშინ ეს რიცხვი 14,2%-ს აღწევს.

რუზველტი versus ბაიდენი

ზოგადად, როდესაც დამკვირვებლები რუზველტისეულ დახმარებას ბაიდენისეულ დახმარებას ადარებენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ თანხების გამოთვლის პრინციპი განსხვავდებოდა: უკრაინაში აშშ-ის დახმარების 50%-ზე მეტი თანხა განკუთვნილია შეერთებული შტატების არსენალებში აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩანაცვლებისათვის. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი ხარჯი არც იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამერიკას არსენალში არაფერი გააჩნდა. 2024 საბიუჯეტო წლისათვის (რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო) თეთრი სახლი კონგრესს 28,4 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას სთხოვს კიევისათვის. ეს თანხა მოიცავს

  • 9 მილიარდ დოლარს უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაფრისთვის, რაც მათ სჭირდებათ, აღჭურვილობიდან დაზვერვამდე.
  • 11,88 მილიარდ დოლარს აშშ-ის არსენალებში აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩასანაცვლებლად.
  • 7 მილიარდ დოლარს აშშ-ის ევროპული სარდლობისათვის უკრაინასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის.

ასე რომ, თუ ვივარაუდებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 2024 ფისკალური წლისთვის დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი იქნება, უკრაინის დახმარება არ გადააჭარბებს 2%-ს (9 + 7 მილიარდი).

(ამ სტატიაში არ შევეხები რუზველტის ლენდ-ლიზის ლოგისტიკის შედარებას ბაიდენის დახმარების ლოგისტიკასთან. რეალურად, ლენდ-ლიზის პროგრამის ლოგისტიკა გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე თვით პროდუქციის წარმოება. მაგალითად, 1941 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ანუ ომში აშშ-ის ჩართვამდე, გერმანული წყალქვეშა ნავები ჩაძირავენ და დააზიანებენ ბრიტანეთისკენ მიმავალ ორ ამერიკულ ესკორტის გემს, რასაც 120 ზე მეტი ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირება.)

როგორც აპრილის სტატიაში აღვნიშნავდი, რუზველტის დახმარება ბაიდენისეულისაგან არა მარტო მოცულობით, არამედ ხარისხითაც განსხვავდებოდა: თუ რუზველტი გასცემდა მოწინავე, საუკეთესო აღჭურვილობას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, დღეს კიევისათვის იარაღის მიწოდება გადის ორჭოფობის გრძელ ციკლს და ძირითადად შემოიფარგლება ძველი აღჭურვილობით.

17 ოქტომბერს უკრაინულებმა პირველად გამოიყენეს ATACMS-ის რაკეტები, რომლებსაც წელიწად-ნახევარია ითხოვენ და ისინი მხოლოდ ახლახან მიაწოდა ვაშინგტონმა მცირე რაოდენობით (დაახლოებით ოციოდე). ბერდიანსკის და ლუგანსკის აეროდრომებზე (ოკუპირებული უკრაინის ქალაქები) ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის შედეგად ოცდაოთხი რუსული ვერტმფრენი განადგურდა ან ძლიერ დაზიანდა, რაც წარმოადგენს მთელი ომის პერიოდის რუსული ვერტმფრენების აპარატების დანაკარგების 10%-ზე მეტს!

ამერიკის პრესამ (NBC News, New York Times და სხვ.) არაერთხელ დაწერა, რომ ბაიდენის უარი თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზე დაძაბულობას და ზოგჯერ მცირედ შეხლა-შემოხლასაც კი იწვევს ორ ლიდერს შორის. და არის ზელენსკის გაწბილებაში რაიმე გასაკვირი? ATACMS-ით მიღებულმა შედეგმა ხომ მაინც უნდა დაარწმუნოს ბაიდენი, თუ როგორი ანგარიშგასაწევია ზელენსკის თხოვნები?

გავიხსენოთ, როგორ უსმენდა რუზველტი ჩერჩილს.

1942 წლის პირველი ნახევარი იყო ომის ყველაზე მძიმე პერიოდი რუზველტისა და ამერიკისთვის. ამ პერიოდში იაპონიამ (ამერიკის მთავარმა მტერმა მეორე მსოფლიო ომში), მრავალი გამარჯვება მოიპოვა წყნარი ოკეანის ბრძოლის ველებზე და უზრუნველყო ფილიპინების, ბირმის, სინგაპურის, ნიდერლანდის აღმოსავლეთ ინდოეთის, სოლომონის კუნძულების, გილბერტისა და ახალი გვინეის კონტროლი.

ამ კონტექსტში ამერიკული და ბრიტანული სტრატეგიული ხედვა ძალზე განსხვავდებოდა: ადმირალი ერნესტ კინგი (აშშ-ის ფლოტისა და საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელი) მხარს უჭერდა წყნარ ოკეანეში ომის პრიორიტეტს; ხოლო გენერალი ჯორჯ მარშალი (გაერთიანებული შტატების უფროსი და რუზველტის მთავარი სამხედრო მრჩეველი) - საფრანგეთში დესანტს. ჩერჩილი და მისი გენერლები კი ჩრდილოეთ აფრიკაში დესანტს მოითხოვდნენ. ამერიკელებსა და ბრიტანელებს შორის დებატების დროს რუზველტი ჯერ აუკრძალავს ჯორჯ მარშალს, ბრიტანელებთან დავაში შანტაჟს მიმართოს და გამოიყენოს არგუმენტი „ჩვენი მთავარი მტერი იაპონიაა“, ხოლო მოგვიანებით ჩერჩილის სტრატეგიაზეც კი დათანხმდება.

ასე რომ, რუზველტის ისტორიული მაგალითებიდან შთაგონების ძიებაში ბაიდენს ავიწყდება, რომ მისი წინამორბედი, სულ მცირე, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ახალბედასავით მიჰყვებოდა უკან ჩერჩილს.

„სუროვიკინის ხაზი“

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის განთავისუფლების შემდეგ 2022 წლის შემოდგომაზე უიარაღობის გამო უკრაინელებმა ვერ შეძლეს კონტრშეტევის გაგრძელება სამხრეთის მიმართულებით და რუსებს საშუალება მისცეს შეექმნათ თავდაცვის ე.წ. „სუროვიკინის ხაზი“.

თავდაცვითი ნაგებობის ეს კომპლექსი რუსებმა ააგეს 2022-2023 წლების შემოდგომა-გაზაფხულზე. „სუროვიკინის ხაზს“ ხშირად ადარებენ მეორე მსოფლიო ომის უდიდეს თავდაცვით სტრუქტურებს. და მართლაც, ექვსი თვის განმავლობაში, მოსკოვმა აღმართა მრავალზოლიანი თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: 1. ნაღმების ველებს (რომლებიც რუსული სამხედრო დოქტრინის ნორმაზე ბევრად უფრო ფართოა); 2. მიმოფანტულ მცირე სანგრებს, რომლებიც „მელიების ხვრელების“ სახელითაა ცნობილი; 3. ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს; 4. „დრაკონის კბილებს“, რომლებიც შედგება სამ-ხუთრიგიანი ბეტონის პირამიდებისგან; ეს მრავალზოლიანი დაცვითი ხაზი თავდება 5. სანგრებით, რომლის უკანაც განთავსებულია 6. არტილერია.

საბრძოლო ავიაციის არქონისა და გარღვევის საინჟინრო საშუალებების ნაკლებობის გამო (განსაკუთრებით ჭირს განაღმვისა თუ დაბრკოლებების დასაძლევი ტექნიკა) ზაფხულის კონტრიერიშის დროს უკრაინელებმა, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ვერ მოახერხეს დიდი ტერიტორიის განთავისუფლება.

კიევი ომში დაღუპულთა ოფიციალურ რაოდენობას არ ასახელებს - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ დაღუპულთა რიცხვი სახელმწიფო საიდუმლოებაა. მაგრამ აქა-იქ გაჟონილი მონაცემები გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს: 2023 წლის 18 აგვისტოს New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ, მისი შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი არის 70 000, ხოლო დაჭრილებისა - 120 000. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში, პენტაგონის შეფასებით, დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა რიცხვი 17 500 იყო. უკრაინული დანაკარგების ოთხმაგი ზრდა აიხსნება სამხრეთში და აღმოსავლეთში კონტრშეტევით. თუ ეს მსხვერპლის ეს რაოდენობა მართალია - უკრაინის ხელისუფლებამ უარყო ეს რიცხვები - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაფხულის კონტრშეტევის ორი თვის განმავლობაში 4-ჯერ მეტი ადამიანი დაკარგეს, ვიდრე ომის პირველი 14 თვის განმავლობაში. და, მიუხედავად ამ უზარმაზარი მსხვერპლისა, ფრონტის ხაზი 2023 წლის ზაფხულში მხოლოდ უმნიშვნელოდ გადაადგილდა: თუ 2022 წლის 11 ნოემბრისთვის უკრაინულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს 74 443 კმ2 ტერიტორია, კონტრშეტევის ორი თვის განმავლობაში - მხოლოდ 300-330 კმ2. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 400 ბატალიონი გააჩნიათ, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა თუ რა დილემის წინაშე დგას უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დღეს. ის, რომ დანაკარგები ძალიან მაღალია, 25 ოქტომბერს აღიარა სერგეი რახმანინმაც, ვერხოვნა რადის ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა, როცა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა წვევამდელების ასაკის გაფართოების აუცილებლობაზე.

„მარადიული“ ომისკენ?

პუტინი მოქმედებს მკაფიო სამხედრო (რა არის საბოლოო ხაზი, რომლის მიღწევასაც რუსული არმია ცდილობს?) ან პოლიტიკური მიზნების გარეშე. ამ კონტექსტში პუტინისთვის მუშაობს ტაქტიკა „კრემლი ომად ღირს“, რადგან ის მას ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აძლევს.

ამასთან, უკრაინული სისხლდენა არ შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, ამერიკული წვეთოვანი დახმარების პირობებში კი ომი ჩიხშია შესული. რუზველტის (რაზეც პრეტენზია აქვს ბაიდენს) დახმარების გარეშე, ანუ თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო მასალის მასიური მიწოდების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ერთ დღეს ჩამოიშალოს რუსული ფრონტი...

18 ოქტომბერს თელ-ავივში ყოფნისას ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელს სჭირდებოდა „მიზნების სიცხადე და გულწრფელი შეფასება იმისა, მიიყვანს თუ არა გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებოდნენ ამ მიზნების მიღწევამდე“. უკრაინელებს შეუძლიათ იგივე შეკითხვა დაუბრუნონ ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას.