ბულგარეთმა ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა რუსი ჟურნალისტი, მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება

"როსიისკაია გაზეტას" კორესპონდენტი ალექსანდრ გაცაკი

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) განაცხადა, რომ ბრძანება გასცა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ გაცაკის ექსტრადიციის თაობაზე.

ის სოფიაში რუსეთის საელჩოში ერთ თვეზე მეტ ხანს იმალებოდა „უსაფრთხოების მიზეზების გამო“, - განაცხადეს ტასმა და რუსეთის სამთავრობო გაზეთმა „როსიისკაია გაზეტამ“, რომლის რეპორტიორიც არის გაცაკი.

სექტემბრის ბოლოს ბულგარეთმა ჯაშუშობაში ეჭვის გამო გააძევა სოფიის რუსული ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი მოღვაწე. ამან მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია და ეკლესია რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.

DANS-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ბულგარეთში ჟურნალისტის საფარქვეშ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რაც მუქარას უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას.

20 სექტემბერს DANS-ის თავმჯდომარემ განკარგულება გასცა გაცაკისთვის ბულგარეთში ცხოვრების უფლების გაუქმების, ჟურნალისტად მუშაობის აკრედიტაციის შეწყვეტის, ბულგარეთიდან გაძევებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის თაობაზე.

29 სექტემბერს გაცაკი ორდერის გადასაცემად დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამმართველოში, მოგვიანებით კი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში. ის არ გამოცხადდა და სოფიაში რუსეთის საელჩოს შეაფარა თავი. ამიტომ DANS-მა დახმარება სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა აკრძალვის შესახებ საელჩოს მეშვეობით გადაეცათ ინფორმაცია.

ოთხშაბათს ალექსანდრ გაცაკმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა, განაცხადა DANS-ის პრესცენტრმა.

ტასის ინფორმაციით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო BTA იმოწმებს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაცაკს აკრედიტაცია გაუუქმა „ახსნა-განმარტებების მიცემის და ექსტრადიციით მუქარის გარეშე“.

რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. შეკითხვებს არ გამოხმაურებია არც გაცაკი.

მოსკოვი დაიმუქრა, რომ „საპასუხო ზომებს მიიღებს ბულგარეთის ხელისუფლების ქმედებების გამო“.

„როსიისკაია გაზეტასა“ და ტასის ცნობით, სექტემბრის ბოლოს გაცაკს ტელეფონით მოსთხოვეს მიგრაციის სამსახურში გამოცხადება. სანამ ის გზაში იყო, ტელეფონით კვლავ გამოიძახეს DANS-ში.

„ა.ა. გაცაკი მივიდა სოფიაში რუსეთის საელჩოში და მას შემდეგ უსაფრთხოების მოსაზრებებით არ დაუტოვებია მისი ტერიტორია“, - ამტკიცებს ტასი.

ჟურნალისტმა მედიასაშუალებებს, სადაც ის მუშაობს, აცნობა, რომ საელჩომ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო მისი აკრედიტაციის გაუქმებისა და ექსტრადიციის შესახებ შეტყობინება მიზეზების მითითების გარეშე.

ტასი ამ ინციდენტს ადარებს ანალოგიურ შემთხვევას, რომელიც მოხდა ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც ნიქოზიაში დააკავეს რუსეთის კიდევ ერთი კორესპონდენტი ალექსანდრ გასიუკი.

„ბულგარეთში ‘როსიისკაია გაზეტას’ კორესპონდენტმა ალექსანდრ გაცაკმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ‘შავი წერტილი’ - მას აკრედიტაცია გაუუქმეს და შეატყობინეს, რომ აპირებენ მის ექსტრადირებას“, - დაწერა ტელეგრამში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ეს არის ნატოს მორიგი უკანონო ნაბიჯი რუსეთის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი მანიაკურად სდევნიან. ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - დასძინა მან.