იუსტიციის მინისტრი გაქცეულ პატიმრებს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს"

რატი ბრეგაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მან გაქცეულებს მოუწოდა, რომ ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.

„დღეს ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო შსს-სთან კოორდინირებულად მუშაობს.

„რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები. საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა. მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ რა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

როგორც კლინიკა აცხადებს, პატიმრები საბადრაგო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში დღეს, 1 ნოემბერს, გამოკვლევის ჩასატარებლად მიიყვანა. ისინი კლინიკიდან დაახლოებით 13:00 საათზე გაიქცნენ.