რუსეთს კომპანია „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებთან სამართლებრივ დავაში, რომელიც 50 მილიარდ დოლარზე მეტის კომპენსაციას ეხება, არ შეუძლია მიმართოს სახელმწიფო იმუნიტეტის პრინციპს. როგორც Reuters-ი იტყობინება, ეს განაჩენი ოთხშაბათს გამოიტანა ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ.
მოსამართლე სარა კოკერილმა მიიღო გადაწყვეტილება „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებთან დაკავშირებული კომპანიების - Yukos Universal-ის, Hulley Enterprises-ისა და Veteran Petroleum-ის - სასარგებლოდ. მან გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ თავად რუსეთი მანამდე დათანხმდა დავის გადაცემაზე საერთაშორისო არბიტრაჟისთვის ჰააგაში.
„იუკოსის“ ყოფილი აქციონერები რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვენ კომპენსაციას კომპანიის დე ფაქტო ნაციონალიზაციისთვის 2000-იანი წლების შუა ხანებში „იუკოსის“ ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებისა და მსჯავრდადების შემდეგ. ამის შემდეგ კომპანიის აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“. "იუკოსის" არაერთმა ყოფილმა აქციონერმა მიმართა ჰააგის მუდმივმოქმედ საერთაშორისო არბიტრაჟს და შეეცადა სახსრების დაბრუნებას.
2014 წელს ჰააგაში არბიტრაჟმა მოსკოვს დააკისრა, აქციონერებისთვის გადაეხადა რეკორდული 50 მილიარდი დოლარი, რითაც რუსეთის სახელმწიფო დამნაშავედ ცნო საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში იმ ქმედებებისთვის, რომლებმაც „იუკოსის“ გაკოტრება გამოიწვია. რუსეთი შემდგომში შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ განაჩენის გასაჩივრებას ჰოლანდიის სხვადასხვა სასამართლოში. ამასობაში, პროცენტების დარიცხვის გათვალისწინებით, თანხა თითქმის 60 მილიარდ დოლარს აღწევს.
2021 წლის ბოლოს უკანასკნელმა სასამართლო ინსტანციამ, ნიდერლანდის უზენაესმა სასამართლომ, გააუქმა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის კომპენსაციის სახით 50 მილიარდი დოლარის გადახდის შესახებ. საქმე ხელახალი განხილვისთვის გადაიგზავნა ამსტერდამის სასამართლოში.
უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას პროცედურულ საკითხებს უკავშირებდა. ამასთან აღინიშნა, რომ დაუსაბუთებელია რუსეთის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ჰააგაში საერთაშორისო ვალდებულებები არასწორად იქნა განმარტებული, ისევე როგორც მოსკოვის პოზიცია, რომ ნიდერლანდის სასამართლოებს არ მოეპოვებათ ამ საკითხში იურისდიქცია.
„იუკოსის“ ყოფილმა აქციონერებმა მიმართეს ლონდონის სასამართლოს, რათა, თუ ნიდერლანდის სასამართლოები დაადასტურებენ მათთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, მათ შეეძლოთ მოითხოვონ რუსული აქტივების დაყადაღება დიდ ბრიტანეთში.
ამასთან, მოსკოვი ცხადყოფს, რომ სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილების შემთხვევაში არ აპირებს თანხის გადახდას. 2020 წლის დეკემბერში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა, რომ ქვეყანას სულაც არ უწევს ამ თანხის გადახდა.