1 ნოემბერს კატარში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ღაზიდან უნდა გაიყვანონ უცხოელები და მძიმედ დაჭრილი პირები.
შეთანხმება გაფორმდა ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის და მას წინ უძღოდა სისხლისღვრის კიდევ ერთი დღე ღაზაში - პალესტინელთა ჯანდაცვის წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის საჰაერო იერიშს ლტოლვილთა ბანაკის არეალში 50-მდე ადამიანი შეეწირა.
ისრაელმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაიღუპნენ "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაური და სხვა მებრძოლები.
ისრაელმა, რომლის ავიაცია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორს 7 ოქტომბრიდან ბომბავს, შეტევა 27 ოქტომბრიდან გააძლიერა ოპერაციაში სახმელეთო ძალების ჩართვით.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიამ დაადასტურა ჯაბალიაზე დარტყმა. პალესტინელთა ცნობით, დაღუპულია 50 ადამიანი