სერგეი შამბას განცხადებით, რვა არაბი ლტოლვილი ენგურის ხიდით აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა

საილუსტრაციო ფოტო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის, ვიტალი შარიას ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ.

„არაბი ლტოლვილები, რადგან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, რუსმა მესაზღვრეებმა, რა თქმა უნდა, დააკავეს და ჩვენს ხელისუფლებას გადასცეს. კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მუხლი საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე, მაგრამ ლტოლვილების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი ზომები არ გამოგვიყენებია. შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მათ საქართველოში დაბრუნებაზე შეთანხმება“, - ციტირებს შამბას „ეხო კავკაზა“.

მედიაში გავრცელებული ცნობით, მათი ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი გერმანიაში გეგმავდა გამგზავრებას.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.