პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბა ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჯაბალიის დევნილთა ბანაკი.
სამინისტროს თანახმად, „50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 150 დაშავდა და ათეულობით ჩარჩენილია ნანგრევებში ისრაელის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შედეგად".
სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს სულ მცირე, 47 გვამი და ასევე, როგორ ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
ისრაელის არმიის მტკიცებით, ამ რაიონზე დარტყმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იბრაჰიმ ბიარი. ისრაელის თანახმად, საავიაციო დარტყმის შედეგად მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსში, საიდანაც ბიარი ბრძანებებს გასცემდა, „ჰამასის“ ათეულობით წევრია მოკლული. ისრაელის არმიის ცნობით, დაიბომბა უშუალოდ გვირაბების კომპლექსი, რომლის ნგრევამ გამოიწვია ახლომდებარე შენობების ნგრევაც. „ჰამასი“ უარყოფს, რომ იბრაჰიმ ბიარი ჯაბალიის რაიონში იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ UNICEF-ის სპიკერი: ღაზა ახლა "სასაფლაოა" ათასობით ბავშვისთვისისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3000-ზე მეტი ბავშვი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.