ერგნეთში მელიორაციის საკითხებზე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა

სოფელი ერგნეთი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქართული და ოსური მხარეების წარმომადგენლები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ტექნიკური შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით შედგა. მოლაპარაკების დროს განიხილეს ირიგაციის საკითხები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ეხება. მიღწეულია შეთანხმება, რომ ტირიფონის სამელიორაციო სისტემით მოირწყვება როგორც ქართული, ისე ოსური სოფლები.

2023 წლის აგვისტოდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა ტირიფონის არხის სათავე ნაგებობას, რომელიც ცხინვალთან ახლოს, მდინარე ლიახვზე მდებარეობს. ამ საირიგაციო არხის საშუალებით რწყავენ სოფლებს, რომლებიც გამყოფი ხაზის ორივე მხარესაა.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეები ერგნეთში შეხვდნენ და სეზონის ბოლოს ირიგაციის საკითხებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა, მათ შორის მელიორაციის ექსპერტებმა, კონსტრუქციულად განიხილეს გასული სეზონი და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მისიის ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენებას, რათა უზრუნველყონ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სარწყავ წყალზე წვდომა", - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

როგორც ქართული, ისე ოსური სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. ტირიფონის საირიგაციო სისტემას წყალი არ მიეწოდებოდა და მავთულხლართების ორივე მხარეს დარჩენილ სოფლებში ხეხილის ბაღების ხმობა დაიწყო. უწყლობის გამო ადგილობრივ ფერმერებს ვერც ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ.

ტირიფონის არხი არის მთავარი სარწყავი სისტემა, რომელიც წყლით ამარაგებს ქართულ და ოსურ სოფლებს. ის ოკუპირებულ ტერიტორიას 10 ადგილზე კვეთს. სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობა მდებარეობს ცხინვალში, ძველ ხიდთან. იქიდან წყალი თვითდინებით მიედინება არხში, რომლის სიგრძე დაახლოებით 80 კილომეტრია. საირიგაციო სისტემა რწყავს გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინაგრისა და აბრევის ზონის ფართობებს.

სწორედ ამ არხის სათავე ნაგებობა დაიკეტა ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ოსური მხარე აცხადებდა, რომ იგი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, საქართველოს ხელისუფლება კი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეგნებულად შეწყვიტა. ამის გამო მოსახლეობა ზარალდებოდა, გამყოფი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა კი 1 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. ბოლო მათგანი 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფელ სინაგურთან დააკავეს.