რუსეთში ებრაელთა ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, დაისაჯონ პირები, რომლებიც ანტისემიტური ლოზუნგებით მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ

ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში, 2023 წლის 29 ოქტომბერი

რუსეთის ებრაელთა თემების ფედერაციის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიოს და დასაჯოს პირები, რომლებიც 29 ოქტომბერს დაღესტნის დედაქალაქის, მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ, სკანდირებდნენ ანტისემიტურ ლოზუნგებს და ალყა შემოარტყეს თელ-ავივიდან ჩამოფრენილ რეისს.

ოფიციალური ინფორმაციით, არეულობაში დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათგან ორი - მძიმედ. მედიის თანახმად, დაშავებულთა შორის ექვსი პოლიციელია.

გაურკვეველია, იყვნენ თუ არა თვითმფრინავში ისრაელის მოქალაქეები ან დაშავებულთა შორის არიან თუ არა თვითმფრინავის მგზავრები. RIA Novosti 30 ოქტომბერს იუწყება, რომ დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში რაბინი ალექსანდრ ბოროდა ამბობს, რომ ამ ინციდენტმა "ძირი გამოუთხარა ჩვენი მულტიკულტურული და მულტიეროვნული სახელმწიფოს საფუძვლებს".

კრემლმა არეულობა დააბრალა "გარედან ჩარევას" და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, უკრაინას დასდო ბრალი. უკრაინამ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, "პასუხისმგებლობა გადაიტანოს დაავადებული პირიდან ჯანმრთელზე". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეჰ ნიკოლენკო ფეისბუკით წერს, რომ მაჰაჩყალაში განვითარებული პროცესები "ასახავს რუსეთის ელიტებსა და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ანტისემიტიზმს".

რუსეთის მხრიდან გამოთქმული ბრალდება უარყო აშშ-მაც. "გავეცანი მათ განცხადებებს უკრაინის დადანაშაულების თაობაზე. ისინი აბსურდულია", - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს.