ირანის მოქალაქეები არ ემორჩილებიან გაფრთხილებას, იმართება აქციები 17 წლის გოგოს დაკრძალვის შემდეგ

არმიტა გარავანდი

ირანის მოქალაქეები, გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე ქალაქში მართავენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს და აპროტესტებენ არმიტა გარავანდის სიკვდილს. 17 წლის გოგო სასიკვდილოდ დაშავდა თეირანის მეტროში, სადაც, სავარაუდოდ, მას მორალის პოლიცია დაუპირისპირდა, რადგან ჰიჯაბის გარეშე იყო.

არმიტა გარავანდი 29 ოქტომბერს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად დააკავეს სამოქალაქო უფლებების რამდენიმე დამცველი. თეირანსა და სხვა ქალაქებში ჩნდება ანტისამთავრობო და გარავანდის ხსოვნის პატივისცემის შინაარსის წარწერები.

თეირანის ექბათანის უბანში დემონსტრანტები ფანჯრებიდან და სახურავებიდან სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს: "სიკვდილი მკვლელ ხამენეის" და "სიკვდილი დიქტატორს". ეკბატანის უბანი ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო შარშანდელ აქციებზეც, რომლებიც იმართებოდა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული მაჰსა ამინის სიკვდილის გამო.

ასეთ ფონზე ვრცელდება ცნობები, რომ გარავანდის დაკრძალვაზე უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის შემთხვევებს.

სამოქალაქო უფლებების დამცველმა რეზა ხანდანმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია მისი ცოლი, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ნასრინ სოთუდე. ხანდანის თანახმად, ნასრინ სოტოდეს უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს.

ხანდანი ამბობს, რომ არმითა გარავანდის დაკრძალვაზე დაკავებული პირებიდან ბევრი გადაიყვანეს ვოზარის დაკავების ცენტრში - "იმავე ადგილას, სადაც შარშან მთავრობის აგენტებმა მაჰსა ამინი მოკლეს".

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა სოთუდეს დაპატიმრება და განაცხადა, რომ ის დააკავეს "ჰიჯაბის მოხსნისთვის და საზოგადოების ფსიქიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის".