აფხაზი „მინისტრები“ მინსკში "უწყებათაშორის კონსულტაციებს" მართავენ

შეხვედრა ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებთან მინსკში

ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ მინსკში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია „ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვა“.

„დელეგაციის“ შემადგენლობაში შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ რობერტ კიუტი, „ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“ ედუარდ ბუტბა, „კულტურის მინისტრი“ დინარა სმირი, „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ლევ კვიცინია, სოხუმის „ადმინისტრაციის უფროსი“ ბესლან ეშბა, „ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე“ ტარას ხაგბა.

სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, ლევ კვიცინია ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, ვადიმ სინიავსკის და მის პირველ მოადგილეს, ალიაქსანდრ ხუდოლეევს, შეხვდა.

„შეხვედრებზე ორი ქვეყნის სამაშველო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის არაერთი კონკრეტული საკითხი განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე ბელარუსის სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზი მაშველებისა და მეხანძრეების მომზადების თემასაც შეეხნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის „კულტურის მინისტრი“ დინარა სმირი ბელარუსის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ვალერი გრომადას შეხვდა.

„მხარეებმა განიხილეს კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის საკითხი, კერძოდ, ორი ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფების ორმხრივი გასტროლების საკითხი“, - იუწყება აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრი.

გასული კვირის ბოლოს „აფხაზი ჩინოვნიკები“ ბელარუსის მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ბურაკმა მიიღო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა კი ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა „განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები“.

გარდა ამისა, არძინბამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ გრიგორი აზარენკას და განაცხადა: „ჩვენ ვამაყობთ ბელარუსის პრეზიდენტით. ჩვენ ვამაყობთ ბელარუსი ხალხით, რომელიც ასეთ რთულ დროს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას გლობალურ უსამართლობასთან ბრძოლის მისწრაფებაში, მხარს უჭერს აფხაზ ხალხს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, ჩვენი დიალოგის განვითარების სწრაფვაში“.

  • 2022 წლის სექტემბერში, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში, შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.
  • 2023 წლის თებერვალში ლუკაშენკამ მინსკში მიიღო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.
  • ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".
  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 2022 წლის 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
  • ლუკაშენკას კონტაქტები ოკუპირებული აფხაზეთთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად" და "რუსული საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად".