ისრაელის არმია ღაზის სექტორში განაგრძობს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას

ისრაელის არმია ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას 7 ოქტომბრიდან განაგრძობს

ისრაელის არმია განაგრძობს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში დაარტყეს 600-ზე მეტ „ტერორისტულ ობიექტს“, მათ შორის იარაღის საწყობებს, რაკეტების გამშვებ დანადგარებს და მიწისქვეშა გვირაბებს.

ისრაელის არმიის ცნობითვე, სირიიდან სარაკეტო შეტევის პასუხად, გასულ ღამით სირიის ტერიტორიაზე დაბომბეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ისრაელი მის საწინააღმდეგო ქმედებებში ბრალს სდებს სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს. ამასთან, სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანას“ ცნობით, ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის არმიის პოზიციებზე ქვეყნის სამხრეთში.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.