აშშ აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეაჩეროს ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობა

ჯეიკ სალივანი, აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ისრაელს აკისრია პასუხისმგებლობა, ღაზაში დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 29 ოქტომბერს.

ღაზის სექტორში მსხვერპლი ათასობით ადამიანს უტოლდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არის მზარდი ზეწოლის ქვეშ, რათა განაცხადოს, რომ ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერა არ ნიშნავს ღაზის სექტორში მისი ყველა ნაბიჯის უპირობო გამართლებას, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ.

სატელევიზიო ინტერვიუებში სალივანი ამბობს, რომ ვაშინგტონი ისრაელს მძიმე კითხვებს უსვამს, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ტერორისტების და უდანაშაულო ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევაზე და იმაზე, თუ როგორ გეგმავს ისრაელი თავის სამხედრო ოპერაციას.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, აკისრია პასუხისმგებლობა, "შეაკავოს" ექსტრემისტი ებრაელი ახალმოსახლეები ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე. "სრულიად მიუღებელია არსებობდეს ახალმოსახლეთა ექსტრემისტული ძალადობა დასავლეთის სანაპიროს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ", - თქვა მან.