უკრაინული „ნაფტოგაზი“ გეგმავს, აღარ გაატაროს რუსული გაზი ევროპისკენ

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის ევროპისკენ ტრანზიტს გულისხმობს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

„ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი განპირობებულია ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, რადგან ისინი ამას საჭიროებენ.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსეთის გაზზე სრულად იტყვის უარს 2027 წლამდე; ხოლო უკრაინას სურს, რომ „მხარი დაუჭიროს და სტიმული მისცეს ამ პროცესს“.

ალექსეი ჩერნიშოვის თქმით, უკრაინა მზად არის ასევე, რომ არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს დაარღვიოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებს პრობლემები შეექმნებათ.

როგორც „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, უკრაინა ევროპაში, ბუნებრივი აირის რეზერვების კუთხით, მესამე ადგილს იკავებს და მომავალში მოპოვებისა და სუფთა ექსპორტის გაზრდას გეგმავს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჩერნიშოვი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთი გატარებული გაზის საფასურს უკრაინას სრულად არ უხდის, რადგან ორიდან ერთი ადგილი, სადაც ტრანსპორტირებისთვის გამიზნული გაზის ჩატვირთვა ხდება, რუსეთის როსტოვის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, უკრაინის დონბასის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთმა თვითნებურად თქვა უარი ტრანზიტის საფასურის გადახდაზე.

„ნაფტოგაზს“ „გაზპრომთან“ სასამართლო დავა აქვს წამოწყებული.

უკრაინულ და რუსულ კომპანიებს შორის ხელშეკრულება 2019 წელს 5 წლის ვადით გაფორმდა.