რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიან. „მედიაზონა“ იტყობინება, რომ დაღესტანში, ქალაქ ხასავურტის მოსახლეობა ადგილობრივ სასტუმრო „ფლამინგოსთან“ შეიკრიბა, ამ სასტუმროში ისრაელიდან ლტოლვილი პირების ცხოვრების გასაპროტესტებლად. ფოტო და ვიდეომასალა გამოქვეყნებული აქვს ადგილობრივ მედიას.
„ЧП ДАГЕСТАН-ი" იტყობინება, რომ 28 ოქტომბერს, დილით, სასტუმროსთან შენიშნეს წვერიანი მამაკაცი, რომელიც ადგილობრივებმა ისრაელის მოქალაქეს მიამსგავსეს. გამოცემის თანახმად, სასტუმროსთან შეკრებილები მოითხოვდნენ, რომ სტუმრები მათ ფანჯრებიდან დანახვებოდნენ. მათი ეს თხოვნა არ შესრულდა, რასაც სასტუმროს მიმართულებით ქვების სროლა მოჰყვა.
შემდეგ, „ЧП ДАГЕСТАН“-ის ცნობით, აქციის მონაწილეთა წარმომადგენლები სასტუმროში შევიდნენ, ყველაფერი შეამოწმეს და გამოსვლისას განაცხადეს, რომ „შემოწმების დროს სასტუმროში ისრაელის მოქალაქეები არ არიან აღმოჩენილი“. "ЧП ДАГЕСТАН-ი" ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ცნობებზე, რომ შესაძლოა, ისრაელის მოქალაქეები „დამალეს ან ისინი გაიქცნენ“.
„უცხოელების, ისრაელის მოქალაქეების შესვლა მკაცრად აკრძალულია!!! (და არ ცხოვრობენ აქ!!!)“, - "ЧП ДАГЕСТАН-ი" წერს, რომ ასეთი განცხადება სასტუმრო „ფლამინგომ“ გამოაკრა.
„ფლამინგოს“ შემდეგ, ისრაელის მოქალაქეებს ხასავურტელებმა ძებნა დაუწყეს სასტუმრო „კიევშიც“. პროცესში ჩართული იყო პოლიცია და ადგილობრივებს სასტუმროების ჩხრეკის უფლებას აძლევდა.
28 ოქტომბერს ჩერქეზსკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქში, ასევე გაიმართა აქცია რუსეთის ამ რესპუბლიკაში ისრაელის მოქალაქეების შეშვების საწინააღმდეგოდ. გამოცემა „ბაზის“ ცნობით, მთავრობის სახლთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოხდეს ისრაელის მოქალაქეების გასახლება.
პალესტინის მხარდამჭერი მიტინგები ჩრდილოეთ კავკასიის არაერთ ქალაქში გაიმართა.
პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელმა ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. ცნობების თანახმად, იმ დღეს ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, "ჰამასმა" ასეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. ისრაელის მხარის ინფორმაციით, მათ შორს 30 ბავშვია.
ღამით ცნობილი გახდა, რიმ ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში და დამატებითი ძალა შეიყვანა. ისრაელის მედიის თანახმად, თავდაცვის ძალების მიზანს ტერორისტული დაჯგუფების განადგურება წარმოადგენს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელმა "ჰამასის" 450 ობიექტი დაბომბა. Times of Israel-ი სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნეს წარმოადგენდა "ჰამასის" სამეთაურო ცენტრები, სამეთვალყურეო ცენტრები და პოზიციები, საიდანაც მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს უშვებს.