ექსტრემისტული ჯგუფი "ჰამასი", რომელსაც მძევლად აყვანილი ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ცდილობს, მოძებნოს რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა პირი, მოსკოვის მხრიდან მათი გათავისუფლების თხოვნის მიღების შემდეგ - იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები 28 ოქტომბერს.
ვრცელდება "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრის, მუსა აბუ მარზუკის სიტყვები, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასს" გაუგზავნა სია იმ რვა პირისა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ამჟამად მძევლად არიან აყვანილნი ღაზის სექტორში.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ სიას და მას ფრთხილად დავამუშავებთ, რადგან რუსეთს ჩვენს უახლოეს მეგობრად განვიხილავთ", - მარზუკის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო RIA Novosti.
"ჰამასმა" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებაზე "ჰამასის" დელეგაციამ მოსკოვში გამართა შეხვედრა. სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენელთან განიხილეს ღაზაში მძევლების გათავისუფლების და უცხოელების, მათ შორის, რუსების ევაკუაციის საკითხები.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ "ჰამასის" დელეგაციის მიწვევას სამარცხვინო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ "ჰამასი" უარესია, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო".
ირანთან კავშირის მქონე "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და სხვ.
რუსეთს კავშირები აქვს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან ახლო აღმოსავლეთში - მათ შორის ისრაელთან, ირანთან, პალესტინის ავტონომიასთან და "ჰამასთან".
"ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმისას აიყვანა 200-ზე მეტი მძევალი. მათ შორის არიან ბავშვებიც. ისრაელის თანახმად, თავდასხმას ემსხვერპლა 1400 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები.
თავდასხმაზე პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო. ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, თავდასხმებს ემსხვერპლა 7700-მდე ადამიანი, მათ შორის 3500-ზე მეტი ბავშვი.