სოხუმის აეროპორტს რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს

სოხუმის აეროდრომის აღდგენის შესახებ მოლაპარაკების მონაწილეები

27 ოქტომბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას,-ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.

საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. ინვესტორი აღადგენს 3100 მეტრის სიგრძის და 45 მეტრის სიგანის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს მიიღოს „რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავები."

ასევე ნახეთ "მონური ხელშეკრულება" - სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა

ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოეწყობა თვითმფრინავების შესვლის ე.წ. ინსტრუმენტული მიახლოების აღჭურვილობაა და ასევე ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენის განათების სისტემა. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამანქანო გზას და სხვა.

შპს "ინფრასტრუქტურის განვითარების" მფლობელმა რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელმძღვანელობას მათ მიერ შემოთავაზებული აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის არჩევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ პარალელურად განხორციელდება ახალი უნიკალური აეროპორტის კომპლექსის მშენებლობა და გამოთქვა რწმენა, რომ განახლებული სოხუმის აეროპორტს სათანადოდ დააფასებენ ტურისტებია და რესპუბლიკის მაცხოვრებლები.

  • სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის შესახებ.
ასევე ნახეთ საით მიფრინავს აფხაზეთი?!