ახალგორის მუნიციპალიტეტში უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე გაათავისუფლეს

ივანე ილურიძე (მარჯვნივ) გათავისუფლების შემდეგ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში 8 ივნისს უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია. ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ვკითხულობ სუსის განცხადებაში.

ილურიძე საოკუპაციო ხაზთან თბილისიდან იყო ჩასული.

ბოლოს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე 18 ოქტომბერს დააკავეს.

ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მოქალაქე დააკავეს