"ჰამასის" დელეგაციამ მოსკოვში განიხილა ტყვეთა გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ მოსკოვს ეწვია გასამხედროებული პალესტინური ჯგუფის, "ჰამასის" დელეგაცია.

"შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ ამ პალესტინური მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

ზახაროვამ დასძინა, რომ მოსკოვს 26 ოქტომბერს ასევე ეწვია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღერი ხანი.

"ჰამასის" დელეგაციის ვიზიტის შესახებ, დელეგაციის წევრზე დაყრდნობით, მანამდე ცნობა გაავრცელა სააგენტომ RIA Novosti. მედიის თანახმად, დელეგაციას ხელმძღვანელობს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი აბუ მარზუკი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენელთან შეხვედრაზე განიხილეს ღაზაში მძევლების გათავისუფლება და უცხოელების, მათ შორის რუსების ევაკუაცია.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა "ღაზის სექტორსა და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებების დასრულების" და პალესტინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების დროულად მიწოდების საჭიროებებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ "ჰამასის" დელეგაციის მიწვევას სამარცხვინო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ "ჰამასი" უარესია, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო".

რუსეთს კავშირები აქვს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან ახლო აღმოსავლეთში - მათ შორის ისრაელთან, ირანთან, პალესტინის ავტონომიასთან და "ჰამასთან".

ამჟამინდელ კრიზისში მოსკოვი ადანაშაულებს აშშ-ის დიპლომატიის ჩავარდნას და გამოდის მოწოდებებით ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების განახლებისკენ, სამშვიდობო გადაწყვეტის პოვნის მიზნით.