უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფ „შტორმ-გლადიატორის“ მეთაური და მისი მოადგილე. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ორი თანამებრძოლის მკვლელობაში, - წერენ ტელეგრამის არხები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ტელეგრამის არხი „ასტრა“ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობას აქვეყნებს. დანაყოფის მეთაური, ალექსანდრ ოსტაშკოვი, 28-29 წლისა უნდა იყოს, მისი მოადგილე, მაგომედ მაგომედოვი - 29 წლისა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ეს უკანასკნელი დაღესტნის მკვიდრია. მათი მსხვერპლი კი გახდნენ 60 წლის შაკირ აკბეროვი და 57 წლის ანდრეი ლუკაშინი.
18 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა ცხედრები სოფელ ზელიონი-იარის ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. სამხედროები დანაყოფ „შტორმ Z-ის" დაქირავებულები იყვნენ. თავად ეს დანაყოფი კი დაკომპლექტებულია იმ პატიმრებით, რომლებიც უკრაინაში საომრად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიბირა.
ყველა აღნიშნული სამხედრო, როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ნასამართლევია: კერძოდ, მაგომედოვი – ქურდობისა და ყაჩაღობისთვის (რიგი ცნობების მიხედვით, ასევე თაღლითობისთვის), ხოლო ოსტაშკოვი – თაღლითობის, ძარცვის, ქურდობისა და გაფლანგვისთვის. ტელეგრამის არხი "ოსტოროჟნო. ნოვოსტი“ წერს, რომ მოკლულ აკბეროვსა და ლუკაშინს ასევე ჰქონდათ კრიმინალური წარსული: პირველი – ნარკოტიკებისთვის, მეორე – ქურდობის, ყაჩაღობის და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის იხდიდა სასჯელს.
- 2023 წლის იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გაავრცელა ინფორმაცია დანაყოფ „შტორმის“ ამოქმედებაზე. სამხედრო უწყების პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ დანაყოფი შედგება "მოხალისეებისგან", რომლებიც ფრონტზე არიან გაგზავნილნი "უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ყველაზე რთული და ეშელონური მონაკვეთების გასარღვევად."
- რუსული მედია წერდა, რომ დანაყოფის დასაკომპლექტებლად მებრძოლების რეკრუტირება კოლონიებში ხდებოდა.
ასევე ნახეთ
Reuters-ის გამოძიება: რუსეთი "შტორმ-Z"-ის ქვედანაყოფებს საჯარიმო ბატალიონებივით იყენებს- დარღვევებს შორის, რისთვისაც ისინი იგზავნებიან „შტორმის“ რაზმებში, არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება და ბრძანებების შესრულებაზე უარი. თითოეულ რაზმში დაახლოებით 100-150 ადამიანია, ისინი უფრო დიდი ქვედანაყოფების შემადგენლობებში შედიან, ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იგზავნებიან და, როგორც წესი, უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან. Reuters-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრე, რომელიც კოლონიიდან აიყვანეს ფრონტისთვის, ირწმუნება, რომ ივნისში ბახმუტთან მის რაზმში 120 ადამიანიდან მხოლოდ 15 გადარჩა.