პრეზიდენტი ბაიდენი არ ენდობა „ჰამასის“ მონაცემებს ღაზის სექტორში დაღუპულთა შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეჭვი არ ეპარება, რომ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზის სექტორში მსხვერპლია სამოქალაქო მოსახლეობაშიც, თუმცა არ ენდობა ინფორმაციას, რომელსაც „ჰამასი“ ავრცელებს.

25 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენს ჰკითხეს, მაშინ, როცა „ჰამასის“ მონაცემებით, დაღუპულებს შორის 2700 ბავშვია, ხომ არ ნიშნავს, რომ ისრაელი ყურადღებას არ აქცევს აშშ-ის მოწოდებას სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის შესახებ. ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს და ამასთან, ეჭვი არ ეპარება, რომ დაღუპულთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც არიან, თუმცა პალესტინური მხარის მონაცემების მიმართ არანაირი ნდობა არ გააჩნია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ფოკუსირებულია მათზე, ვინც მის წინააღმდეგ ომი გააჩაღა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არანაირად არ არის ისრაელის ინტერესებში.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 6 546 პალესტინელი, მათ შორის 2 704 ბავშვი. ეს უწყება დაღუპულთა სიას არ აქვეყნებს, მისი ინფორმაცია კი სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის.

საერთაშორისო მედიასაშუალებების ფოტოკორესპონდენტების მიერ ღაზის სექტორიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ეს ვერ ქმნის წარმოდგენას მსხვერპლთა საერთო რიცხვის შესახებ. „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მისი მონაცემები ზუსტია, თუმცა, მაგალითად, როცა ღაზის ალ-აჰლის ჰოსპიტალში 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ აცხადებდა, რომ 500 ადამიანი დაიღუპა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ეს რიცხვი დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილად შეაფასეს.

ასევე ნახეთ WSJ: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ღაზის საავადმყოფოში აფეთქების პასუხისმგებლობა „პალესტინის ისლამურ ჯიჰადს" ეკისრება

25 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ განიხილეს ღაზის სექტორში არსებული ვითარება და მძევლების გათავისუფლების საკითხი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომ ისრაელს ტერორიზმისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვის სრული უფლება აქვს და ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობას. აშშ-ის პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების კონცენტრირებას კრიზისის შემდგომ პერიოდში ისრაელსა და პალესტინელებს შორის მყარი მშვიდობის დამყარების გზებზე. ბაიდენმა ისევ გაიმეორა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.