მეოთხე მცდელობის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს.
ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, სპიკერის პოსტზე ჯონსონის კანდიდატურას 221 რესპუბლიკელიდან 220-მა დაუჭირა მხარი. დემოკრატ კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრის კი 209 ხმა ერგო. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 217 ხმის შეგროვება.
მაიკ ჯონსონი ცნობილია, როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი. კერძოდ, ჯონსონი იყო ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი და იცავდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ორივე იმპიჩმენტის დროს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უკვე ახალი სპიკერი უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოდის. კერძოდ, ჯონსონმა კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის თანამდებობიდან გადააყენა რესპუბლიკელი კევინ მაკართი. ეს კონგრესის ქვედა პალატის არსებობის ისტორიაში სპიკერის გადაყენების პირველი შემთხვევაა.
ასევე ნახეთ
კევინ მაკართი გადააყენეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდანმკვეთრად მემარჯვენე რესპუბლიკელები სპიკერს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 30 სექტემბერს კევინ მაკართიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა.