სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა.
არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა უცნობია, ეცდება თუ არა მისი მთავრობა ამის განხორციელებას ევროკავშირის დონეზე.
ასევე ნახეთ სლოვაკეთი: არჩევნების შედეგი, რომელიც „უკრაინით დაღლამ“ განაპირობასლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.
მოელიან, რომ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს, რისთვისაც საკმარისი ხმები არსებობს. პროევროპული ლიბერალური პარტიები სლოვაკეთის პარლამენტის ოპოზიციაში რჩებიან.
ცნობილია ასევე ახალი მინისტრების ვინაობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ფიცოს პარტიის წარმომადგენელი იურაი ბლანარი უხელმძღვანელებს. უკრაინული მედიის თანახმად, ის უკრაინაზე უარყოფით განცხადებებს აკეთებდა. მედია, კერძოდ, შენიშნავდა, რომ მისი გამონათქვამები უკრაინის კონფლიქტზე, როგორც სამოქალაქო ომზე ან უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაზე, იმეორებდა კრემლის თეზისებს.