ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ამბობს, რომ ქვეყნის პარტნიორები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურებისგან არაერთგვაროვან გზავნილებს ისმენენ. იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტნიორებთან შეხვედრის დროს მათ დაუსახელეს კონკრეტული პოლიტიკოსების ვინაობაც.
"დღეს ოპოზიციურ სპექტრში საჯაროდ, დეკლარირებულად ნათქვამი აქვთ, რომ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს და უნდა იყოს დადებითი დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და, მეორე მხრივ, 12 პუნქტი არ არის სრულფასოვნად შესრულებული. მიუხედავად ამისა, არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა, არა საჯაროდ, ჩვენს პარტნიორებთან აჟღერებენ შუა ტიპის გზავნილებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გადაიდოს არჩევნების შემდეგ.
სანამ ეს პარტნიორებმა თავად არ გვითხრეს, რომ მათთვის გაუგებარია ოპოზიციური ფლანგებიდან ეს გზავნილები, მე ეს არ მითქვამს. ახლა ამ გადამწყვეტ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გააკეთოს დეკლარირებულად... ეს აზიანებს ქვეყნის ევროპულ გზას. ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ შეწყდეს არაერთგვაროვანი მესიჯების გაჟღერება პარტნიორებთან და, მეორე მხრივ, შევძლოთ და ოპოზიცია იყოს ერთიანი - ამ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი", - ამბობს ხათუნა სამნიძე, რომელმაც არ ისურვა პოლიტიკოსების დასახელება.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ისიც ინფორმირებულია პარტნიორების შეშფოთების შესახებ.
"დღესდღეობით, ამ ეტაპზე, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან პარტნიორ ქვეყნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს... შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს. როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით...
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე პარტიის შიდა საკითხი არ არის, ეს ქვეყნის გაძლიერების საკითხია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი წავიდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა ითქვას და ესეც არგუმენტირებული უნდა იყოს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მმართველ პარტიაში "აღიარების დღეს" უწოდებენ ხათუნა სამნიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებს. რაც შეეხება სამნიძის განცხადებას, მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ, ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და [ნიკა] გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ", - თქვა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ფიქრობს, რომ ეს არის "შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის":
"არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი, მავნებლური და „ოცნების“ პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი".
პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", საგარეო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეს არის უსაფუძვლო ბრალდება და "რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმი".
"ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს სტატუსის მიღებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თავის კომუნიკაციაში ყოველთვის ხაზს უსვამს, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით, სტატუსის მიღების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ეს გვითქვამს მრავალჯერ და ვიმეორებთ კვლავაც.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუთავსებელ პოლიტიკურ დევნას... „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას საფრთხე შეუქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის ინიციირებით და შემოდგომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობით. საქართველოს მეგობრები მუდმივად წუხან იმაზე, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირება წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან