კადიროვი აცხადებს, რომ ახალჩამოყალიბებული ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგებში იბრძოლებს

რამზან კადიროვი (მარცხნივ) და რუსლან გერემეევი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დასრულდა შეიხ მანსურის სახელობის ახალი ბატალიონის ფორმირება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში იბრძოლებს. რამზან კადიროვი ტელეგრამის არხში წერს, რომ დანაყოფის მეთაურთან, რუსლან გერემეევთან, ერთად ეწვია ქალაქ გუდერმესში მდებარე სამშენებლო ობიექტს, სადაც ახალი დანაყოფის დისლოცირებისათვის სამხედრო ინფრასტრუქტურა შენდება.

კადიროვის თქმით, სპეციალისტებმა ოთხი ყაზარმის რეკონსტრუქცია მოახდინეს და ორი ააშენეს. "აღიჭურვა სამწყობრო მოედანი, მოეწყო 100-ადგილიანი სასადილო, პარკინგი, სალოცავი ოთახი და მრავალი სხვა", - წერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი.

კადიროვმა შეიხ მანსურს თავის სტატუსში უწოდა ჩეჩენი ხალხის გამოჩენილი წარმომადგენელი და კავკასიის პირველი იმამი.

ამავე სახელწოდების ბატალიონი უკვე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. დანაყოფი 2014 წელს დანიაში დაარსდა. მასში შედიან ის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებმაც ჩეჩნეთი 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დატოვეს.

ასევე ნახეთ

იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს

უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონი განთავსებულია დნეპროპეტროვსკის რეგიონში. დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს 2014-2015 წლებში დონბასის ბრძოლებში, 2022 წლის დასაწყისში რუსეთის იერიშისგან ისინი ასევე იცავდნენ კიევს.

შეიხი მანსური ჩეჩენთა რელიგიური და სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი იყო. ის მხარს უჭერდა მათ დამოუკიდებლობას და შარიათის კანონის გავრცელებას ჩრდილოეთ კავკასიაში, იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

1791 წლის ზაფხულში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, შეიხი მანსური რუსეთის ჯარებმა ანაპის შტურმისას შეიპყრეს. "რუსეთის წინააღმდეგ მთიელი ხალხების ამბოხებისა და იმპერიისთვის დიდი ზიანის მიყენებისთვის" რუსეთში შეიხ მანსურს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და შლისელბურგის ციხესიმაგრეში გამოკეტეს.


შეიხი მანსური 1794 წლის აპრილში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ფერისცვალების მთაზე, შლისელბურგის ციხესიმაგრის შორიახლოს, მდინარე ნევის მოპირდაპირე ნაპირზე.