პაპუაშვილი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერმა ილაპარაკა „შიდა რადიკალიზმზე".

„საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში", - აღნიშნა მან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა: „საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციით; უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს. ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს უთხრა, რომ მათი სოლიდარობის შედეგად, 2023 წელს გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო.

„უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.