საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ კვლავ გრძელდება სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმის გამოძიება.
„ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შემიძლია, დაგიდასტუროთ. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეზღუდულია. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გამოძიება გრძელდება, ის დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ცნობილ გარემოებებზე დაყრდნობით”, – თქვა ირაკლი შოთაძემ 24 ოქტომბერს.
გამოძიება ამ საკითხზე პროკურატურამ 2019 წლის 20 სექტემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ 34 პატიმრის შეწყალება ამავე წლის აგვისტოში. შეწყალებულთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებიც.
გენერალური პროკურორის განცხადების ფონია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. კობახიძემ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან „სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს“. ამავე სხდომაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "პროკურატურის ხსენებით" ვერ შეაშინებენ.