უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი ბაზა განთავსდება.
„რუსეთის საზღვაო ძალებს აღარ შესწევს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირების ძალა და თანდათან გარბის ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად, მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორს, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, - თქვა ზელენსკიმ "ყირიმის პლატფორმის" მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას.
ასევე ნახეთ ექნება თუ არა უკრაინას უფლება, ოჩამჩირეში რუსულ გემებს დაარტყას?ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი არის უკრაინული მიწების სრული დეოკუპაცია, ყირიმის ჩათვლით.
ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში, "ყირიმის პლატფორმის" მეორე საპარლამენტო სამიტი მიმდინარეობს. ფორუმში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით.
ასევე ნახეთ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება - სუსის უფროსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია". ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".