24 ოქტომბერს პრაღაში მუშაობა დაიწყოს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტმა, რომელსაც ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრიორიტეტია. მსოფლიოს ყურადღება უკრაინისადმი, მისი თავისუფლებისა და საერთაშორისო უფლების დაცვისადმი უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - მოჰყავს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები სააგენტო „უნიანს“.
უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, მთელი მსოფლიოდან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 70-მდე საპარლამენტო დელეგაცია. მისი აზრით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა.
„საჭიროა, რომ ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. აგრესიას უნდა ეწოდოს აგრესია, ხოლო დამპყრობელს უნდა ეწოდოს დამპყრობელი. ახლა ევფემიზმის დრო არ არის. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პოლიტიკურ შეფასებებსა და განმარტებებში სიცხადე უზრუნველყოფს სიცხადეს ქმედებებში და, შესაბამისად, შედეგებში", - განაცხადა სტეფანჩუკმა სამიტის გახსნისას.
"ყირიმის პლატფორმას" - უკრაინის მიერ ინიციირებულ საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმს - საფუძველი 2021 წლის აგვისტოში კიევში გამართულ დამფუძნებელ სამიტზე ჩაეყარა. პლატფორმის მიზანია ყირიმის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება, ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვა და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის ხელშეწყობა.
პრაღის სამიტში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.