რუსეთმა დაადასტურა სევასტოპოლის აკვატორიაში სამხედრო ფლოტზე შეტევა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 24 ოქტომბერს, მოსკოვის დროით ღამის 4 საათისთვის, შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილი იყო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 3 უეკიპაჟო კატერი, რომლებზეც დარტყმა განხორციელდა დივერსიების საწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სევასტოპოლის საზღვაო უბეში მიმდინარეობს ნაღმების და დივერსიების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
პირველი ცნობები ანექსირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების შესახებ, ღამის 4 საათისთვის გავრცელდა ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ შავი ზღვის ფლოტი იგერიებს მოწინააღმდეგის წყალქვეშა დივერსიული ძალების და საშუალებების შესაძლო შეტევას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ოპერაციაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ბოლო ხანს, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სევასტოპოლში უკრაინული დრონები და რაკეტები მოიგერია. 19 ოქტომბერს რუსული მედია წერდა, რომ ერთი დღით ადრე განხორციელებული სარაკეტო შეტევისას რაკეტა მოხვდა სევასტოპოლთან მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იარაღის საწყობების ტერიტორიას. რამდენიმე კვირით ადრე, უკრაინამ დაადასტურა, რომ 22 სექტემბერს სარაკეტო იერიში მიიტანა სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე.
რუსეთს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი ანექსირებული აქვს 2014 წლიდან.
ასევე ნახეთ როგორ და რით შეძლებს (კი) უკრაინა ყირიმის დაბრუნებას? შეიარაღების მიმოხილვა