საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან დავითაშვილმა ილაპარაკა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. როგორც მინისტრი აცხადებს, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა ჩინეთშიც განიხილება.
ვიცე-პრემიერმა ილაპარაკა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომის შესახებ.
„ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე რომ, კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 11 სექტემბერს თქვა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლებათ.
ასევე ნახეთ უვიზოდ საქართველოში ჩინელი ტურისტებისთვის - როგორია რისკებისა და სარგებლის ბალანსი?