თბილისში წინა წელთან შედარებით ბინების ფასი 15,6 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 % შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მხოლოდ თბილისს ფარავს და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის განახლებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში სახლები და ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია, ყველაზე იაფი - სამგორში.