აშშ ისრაელს ურჩევს, გადადოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, რადგან მეტი დროა საჭირო მოლაპარაკებისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად და იმ გზების განსაზღვრისთვის, რაც აუცილებელია მშვიდობიან მოსახლეობაში ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, „ჰამასის“ მხრიდან არის გაფრთხილება, რომ ისრაელის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყება მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს სურს, მეტი დრო ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვის გასაძლიერებლად, რადგან ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოსალოდნელია ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მეტად გააქტიურება.
სააგენტო Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, ისრაელისგან სახმელეთო ოპერაციის დაწყების გადავადებას ითხოვს არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპელი ლიდერების ნაწილიც.
ასევე ნახეთ „ჰამასმა“ გაათავისუფლა მძევლად აყვანილი დედა-შვილიისრაელის არმიის მიერ დღეს, 23 ოქტომბერს, განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, „ჰამასის“ მძევლობაშია 222 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები. გასული კვირის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 212 ადამიანის მძევლობა. ისრაელის არმიის პრესმდივნის, დანიელ ჰაგარის განმარტებით, მონაცემები იცვლება ისრაელის დაზვერვის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შესაბამისად.
ისრაელიდან უკვე არაერთი დღეა ვრცელდება ცნობები ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად მზადყოფნის შესახებ.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.