კონსერვატორიის რექტორმა პოსტი დატოვა - შარიქაძე 4 წელს აჯამებს და სამინისტროში გამართულ "ურთულეს" შეხვედრას იხსენებს

ნანა შარიქაძე, მუსიკისმცოდნე, კონსერვატორიის ყოფილი რექტორი

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. ყოფილი რექტორი აჯამებს ბოლო 4 წელს და წერს, რომ კონსერვატორიაში რჩება, როგორც ლექტორი. ის იმედოვნებს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

ნანა შარიქაძე შემაჯამებელ პოსტში იხსენებს სამინისტროში "დახურულ კარს მიღმა შეხვედრას", რომელიც 2023 წლის 11 აპრილს გაიმართა და რომელიც, მისი თქმით, განსაკუთრებით რთული გამოცდილება იყო. ის არ წერს, რა განიხილებოდა ამ შეხვედრაზე, თუმცა მიანიშნებს ზეწოლაზე და ამბობს, რომ ეს იყო შეხვედრა, "რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული."

"ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის.
რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება", - ესაა ფრაგმენტი შარიქაძის სტატუსიდან. ის იხსენებს ახალ სამაგისტრო პროგრამებსაც, რომლებიც "კულტურის სამინისტრომ და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა დაბლოკეს." საუბარია საკონცერტმაისტერო, სიმფონიური დირიჟორობისა და ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობის პროგრამებზე.
შარიქაძე მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევს კონსერვატორიის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მიზნით სასწავლო გეგმაში შეტანილ ძირეულ ცვლილებებს, საერთაშორისო აკრედიტაციისთვის სრული პაკეტის მომზადებას და მსოფლიო ბანკის გრანტით საორკესტრო და კამერული მუსიკის სწავლების რეფორმას, ასევე კონსერვატორიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვით და როიალების განახლებით.
"ვთვლი, რომ სახელმწიფი, რომელიც განებივრებული არ არის ადამიანური რესურსით, ისეთ ადამიანებს, რომელთაც იდეა, საქმის ცოდნა და უანგარობა აქვთ, უნდა უფრთხილდებოდეს. რადგან ეს თვისებები კონვერტირდება სიყვარულში, იდეისადმი და საქმისადმი ერთგულებაში (არა პიროვნებისადმი მორჩილებაში) და კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნაში", - წერს ყოფილი რექტორი და მადლობას უხდის გუნდის წევრებს.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტემბრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. თუმცა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აცხადებდა, რომ იგი კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო და კულტურის მინისტრს ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდებდა. შუამდგომლობა, რომლითაც კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა მინისტრის ბრძანების შეჩერების მოთხოვნით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 13 ოქტომბერს სამინისტრო გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კონსერვატორიამ უკან გაიტანა სასამართლო სარჩელი სამინისტროს წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ კონსერვატორიასთან გააპროტესტეს რექტორის არჩევნების გაუქმება

კონსერვატორიის რექტორის არჩევნების შეჩერებას წინ უძღოდა 20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება. პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მან კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. წულუკიანის თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის და მინისტრი ვალდებულია, ამ ვითარების გათვალისწინებით, შეცვალოს ხელმძღვანელი.

ასევე ნახეთ გაფიქრებაც კი მზარავს, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა - კონსერვატორიის რექტორი
კონსერვატორიის რექტორის არჩევნებში ჩარევის ფონია ერთკანდიდატიანი არჩევნები თბილისის სამხატვრო აკადემიაში და პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლის გათავისუფლება თეატრალური ინსტიტუტიდან - ორივე უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.