პოლიტიკური პარტია "ლელო" შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს შოვის ტრაგედიის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაასაჯაროოს იმ თერმული დრონების ჩანაწერები, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობდნენ მეწყრის მოვარდნის პირველ საათებში.
"ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთაც, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაჭაში არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემა.
"რუსული ხელისუფლების მიერ არანაირი პასუხი გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს. რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს და საზოგადოების ყურადღება იქნას გადატანილი", - თქვა ლევან სამუშიამ. ის გამოძიების პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ გამომძიებელი უწყება შოვის საქმეზე არის არა პროკურატურა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სამაშველო ვერტმფრენსაც დაახლოებით 3 საათი დასჭირდა მეწყერში მოყოლილ ხალხთან მისასვლელად. გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებას პრობლემურად მიიჩნევს სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის უფლებადამცველი ორგანიზაციაც, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის."
ასევე ნახეთ შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილების მისაღებად შსს-ს 50 წუთი დასჭირდა - რა წერია საქმის მასალებში?ოფიციალურ მონაცემებსა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რომ 3 აგვისტოს შოვში, სტიქიის შემდეგ პირველი რამდენიმე კრიტიკული საათის განმავლობაში, ტერიტორიის თავზე შს სამინისტროს თერმულმა დრონებმა იფრინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტიქიის დღეს, 3 აგვისტოს, გავრცელებულ პირველ განცხადებებში არსად იყო ნახსენები, რომ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს მაშველები დრონების და მით უმეტეს, თერმული დრონების დახმარებით ეძებდნენ.
ინფორმაცია სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში დრონების ჩართვის შესახებ მხოლოდ 4 აგვისტოს გაჩნდა. თუმცა არსად ყოფილა ნახსენები "თერმული დრონი": „ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“.
თერმული დრონები პირველად 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და სწორედ ამით ახსნა სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ სტიქიის ღამეს კატასტროფის ეპიცენტრში „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა“ ვერტმფრენების გამოყენების.
„რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა], ვიდრე ვერტმფრენით. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები“, - თქვა მღებრიშვილმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა შოვში სამაშველო ოპერაციას.
ასევე ნახეთ “იქ დრონს არ უმუშავია” - სამთო გიდი იხსენებს შოვის სტიქიის პირველ ღამესსტიქიის ღამეს თერმული დრონების გამოყენებასა და შესაბამისად, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროების არარსებობაზე ილაპარაკა 13 აგვისტოს შოვში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.
28 აგვისტოს სამთო გიდმა, რომელიც 3 აგვისტოს ღამეს შოვში ადამიანების დასახმარებლად იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებას გადაჭრით უთხრა, რომ სტიქიის პირველ დღეს და ღამეს იქ დრონებს არ უმუშავიათ. სტიქიას გადარჩენილები იხსენებენ ერთ დრონს, რომელმაც მათ მაშინ გადაუფრინა, როცა ტალახის მასაში გადარჩენას ცდილობდნენ - ეს დრონი, სავარაუდოდ, ეკუთვნოდათ ტურისტებს, რომლებიც ტყეს აფარებდნენ თავს. რადიო თავისუფლება აგვისტოს შემდეგ ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს შოვის სამაშველო ოპერაციის შესახებ გაგზავნილ კითხვებზე, რომელთა შორის არის დრონის გამოყენების საკითხიც - უწყება საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.
ასევე ნახეთ იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?შოვის გამოძიებაში პრობლემურია სტიქიას გადარჩენილებისთვის და დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულების სტატუსის მინიჭების საკითხიც. 21 ოქტომბერს გიო ადამიამ, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად საათების განმავლობაში ებრძოდა ტალახის მასას შოვში, 3 აგვისტოს ფეისბუკზე დაწერა, რომ მასაც და მასთან ერთად მყოფ სხვა ადამიანებსაც პროკურატურამ უკვე ორჯერ უთხრა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.