უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მოახდინა 20 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან სატელეფონო საუბარში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა კატარის მნიშვნელოვანი როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.
"მხოლოდ ის, რისი დოკუმენტურად დადასტურებაც შეგვიძლია, გატაცებულია დაახლოებით 20 ათასი ბავშვი. ეს არის შემზარავი რიცხვი, მაგრამ რეალური კიდევ უფრო დიდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა კატარს ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და 100 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის, უკრაინის ენერგეტიკის, სამედიცინო სექტორისა და სხვა სფეროების გასაძლიერებლად.
ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ყურის ქვეყნების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად."
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში 19,546 ბავშვის დეპორტაცია მოხდა. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა - როდესაც ბავშვის მამამ, მეურვემ ან დეპორტაციის მოწმემ ამის შესახებ უკრაინის ეროვნულ საინფორმაციო ბიუროს აცნობა.
უკრაინის ხელისუფლებამ რამდენჯერმე შეძლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში დეპორტირებული ბავშვების დაბრუნება.
ასევე ნახეთ
უკრაინაში დააბრუნეს რუსეთის არმიის მიერ ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანილი 11 ბავშვი- უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.
- სასამართლოს განმარტებით, არსებობს „გონივრული საფუძველი“ ვიფიქროთ, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.
- რუსეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ბავშვების წაყვანით ისინი მათ „დაბომბვისგან იხსნიან“. დაფიქსირდა რუსეთში ასეთი ბავშვების შვილად აყვანის შემთხვევებიც, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს.
- ბავშვების დეპორტაციაში რუსეთს ბელარუსიც ეხმარება. ალიაქსანდრ ლუკაშენკას დავალებით, ეს ბავშვები, რუსეთის ფედერაციის გავლით, ბელარუსში მიჰყავთ, ვითომ „გამოჯანმრთელების მიზნით“.