ბათუმში „ოცნების ქალაქის" დასახლების მცხოვრებლები აქციას მართავენ და გზის გადაკეტვას ცდილობენ.
ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ითხოვენ, „ოცნების ქალაქის“ ყველა მოსახლეს მისცენ გარანტია, რომ საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ - და ეს საგარანტიო ხელშეკრულებით დაუდასტურონ.
საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.
მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები თვითნებურად ააგეს. თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და დასახლებაში დღეს უკვე 2 000-ზე მეტი ქვის ქოხია.
ასევე ნახეთ როგორ გეგმავს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენებას