შრიოდერი ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა მას რუსეთისა და უკრაინის შერიგების საშუალება არ მისცა

გერჰარდ შროდერი და ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი, 2018 წლის 14 ივნისი

1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, გერმანულ გაზეთ Berliner Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოსდა გასულ წელს უკრაინამ მას სთხოვა შუამავლობა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ვითომცდა ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმებას.

ექს-კანცლერის თქმით, უკრაინაში, 2022 წელს რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, მას ვლადიმერ პუტინისთვის გარკვეული შეტყობინების გაცემა სთხოვეს. შრიოდერმა ასევე ჩამოთვალა სამშვიდობო გეგმის პირობები, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველ კვირებში განიხილებოდა. მათ შორისაა უკრაინის უარი სამომავლოდ ნატოში გაწევრიანებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და გერმანიის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, დონბასის რეგიონების ავტონომია, მოლაპარაკებები ყირიმის სტატუსზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო და უკრაინულთან ერთად რუსული ენისათვის უკრაინაში მეორე ოფიციალური ენის სტატუსი მიანიჭა.

შრიოდერი აცხადებს, რომ კიევი, სავარაუდოდ, მზად იყო 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ექს-კანცლერი ირწმუნება, რომ ამ პერიოდში იგი შეხვდა უკრაინის წარმომადგენელს რუსტემ უმეროვს (ამჟამად უკრაინის თავდაცვის მინისტრი) და "ერთ-ერთზე" პუტინს, მაგრამ არ აკონკრეტებს სად და რა ვითარებაში მოხდა ეს შეხვედრა პუტინთან.

შრიოდერი ადრე აცხადებდა, რომ მოსკოვში ჩავიდა და ომის დაწყების შემდეგ პუტინს ესაუბრა.

შრიოდერი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ასევე აცხადებს, რომ დასავლეთმა "უნდა გაიგოს" მოსკოვის შეშფოთება ნატოს გაფართოებისა და უკრაინისა და საქართველოს ამ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ და ეს გაითვალისწინოს. გადამდგარი პოლიტიკოსის თქმით, თავად დასავლეთის ქვეყნებს არაფერი ემუქრებათ, ვინაიდან რუსეთი პირდაპირ კონფლიქტში არ შევა ნატოსთან.

ეს განცხადებები დიდწილად ემთხვევა პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის სხვა წარმომადგენლების მიერ უკრაინაში შეჭრის წინა დღეს და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

  • გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე. გადადგომის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის გაზსადენ Nord Stream-ის მშენებლობაში. ის „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. გასული წლის გაზაფხულზე შრიოდერმა ეს პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტმა განიხილა რუსი ოლიგარქების სანქციების სიაში მისი შეყვანის შესაძლებლობა.