ისრაელისა და აშშ-ის მთავრობებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს მძევლები - ამერიკის ორი მოქალაქე.
„საუბარია ჩიკაგოს მცხოვრებლებზე, ჯუდიტ (იუდიტ) რაანანსა და მის 17 წლის ქალიშვილ ნატალი რაანანზე“, - განმარტა ისრაელის მთავრობამ, რომლის მიხედვითაც, დედა-შვილი ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად. 7 ოქტომბერს ისინი მძევლად აიყვანეს ტერორისტებმა კიბუც ნაჰალ ოზზე თავდასხმის დროს.
მძევლების გათავისუფლების შესახებ პირველი განცხადება თავად „ჰამასმა“ გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა „ჰუმანური მოსაზრებებისა და კატარის ძალისხმევის წყალობით“. ისრაელის ხელისუფლებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ჯუდიტი და ნატალი ღაზა-ისრაელის საზღვარზე გადასცეს ბრიგადის გენერალ ჰალ ჰირშს.
ასევე ნახეთ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაათავისუფლა 7 ოქტომბერს ისრაელში მძევლად აყვანილი ორი ქალი7 ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ჰამასმა“ მძევლები გაათავისუფლა.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა მძევლების გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ „გასული 14 დღის განმავლობაში მათ საშინელი ტანჯვა გადაიტანეს“. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ისრაელისა და კატარის მთავრობებს დახმარებისთვის. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი პირველივე წუთებიდან დღე და ღამე მუშაობდა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელი მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
„ვაგრძელებთ ძალისხმევას იმ ადამიანების გასათავისუფლებლად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პატიმრობაში“, - განაცხადა ბაიდენმა.