ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ნიუ-იორკში, „ტაიმს სკვერზე“, რათა მოეთხოვათ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება. პლაკატებზე გამოსახული იყო იმ ადამიანების სახეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯიჰადისტებმა გაიტაცეს. შეკრებილები სკანდირებდნენ „შინ დააბრუნეთ ისინი“.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, ღაზის სექტორში შესაძლოა 10 ამერიკელი იყოს მძევლად.
ავსტრალიაში ისრაელთან სოლიდარობის ნიშნად გაშალეს სუფრა 200 ცარიელი თეფშით. ესაა ჯიჰადისტების შეჭრის შემდეგ სამხრეთ ისრაელში დაკარგული ადამიანების სიმბოლო.
პრაღაში აქტივისტებმა ერთ-ერთი გზის გასწვრივ ბოძებზე გააკრეს პლაკატები იმ ბავშვების ფოტოებით, რომლებიც, სავარაუდოდ, მძევლებად არიან აყვანილი.
ამასობაში, მთელ მსოფლიოში იმართება საპროტესტო აქციები ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების მხარდასაჭერად. გამოსვლები განსაკუთრებით მასობრივი გახდა ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბოლო აფეთქების შემდეგ. პალესტინის ხელისუფლება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ აფეთქება გამოიწვია ექსტრემისტების მიერ არასწორად გაშვებულმა რაკეტამ.
შვედმა გარემოს დამცველმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართა. მისი თქმით, ისრაელის არმიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და უარი თქვას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე.
ერაყში აქტივისტები „ჰამასისა“ და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მოწოდების შემდეგ, რომ გაფიცვები მოაწყონ ისრაელის წინააღმდეგ, მანქანებით და ავტობუსებით მივიდნენ იორდანიის საზღვართან იქ მჯდომარე საპროტესტო აქციის გასამართად. იორდანია-ერაყის საზღვარზე პალესტინელების მხარდასაჭერ მსვლელობაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ ერაყის ტომების შეიხები.
ირანული მედიის ცნობით, თეირანის მეტროში აქტივისტებმა მგზავრებს ღაზისა და „ჰამასის“ მხარდასაჭერად აქციისკენ მოუწოდეს.
სოციალური ქსელების თურქულ სეგმენტში მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას ისრაელის საქონლის ბოიკოტის მოწოდებით.
პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა კატარში, მალაიზიაში, ლიბიაში, მაროკოში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, სადაც ძირითადად მუსლიმი მოსახლეობაა.
ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რადიკალური პალესტინური დაჯგუფებების, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“, თავდასხმის შემდეგ. დაჯგუფებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციებად.
ბოლო მონაცემებით, თავდამსხმელებმა 200-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, მათ შორის არის 18 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი, ხოლო 60 წელზე უფროსი ასაკის 10-დან 20-მდე ადამიანი. როგორც ამტკიცებენ, მძევლების უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალია.
ღაზის სექტორიდან თავდასხმის შემდეგ ისრაელმა სექტორში ჯიჰადისტების წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „რკინის ხმლები“. „ჰამასის“ დასამარცხებლად გამოცხადებულია სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება. პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.