ბაიდენმა კონგრესისგან ითხოვა 106 მლრდ დოლარის პაკეტი, 61 მლრდ უკრაინისთვის და 14 მლრდ - ისრაელისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 19 ოქტომბერი, 2023.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესისგან მოითხოვა უსაფრთხოების ზომებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი, 106 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს შეიცავს უკრაინის დასახმარებლად და 14 მილიარდს - ისრაელისთვის. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა 20 ოქტომბერს. გუშინ ერისადმი მიმართვაში ბაიდენმა ერთმანეთთან დააკავშირა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმა ისრაელზე.

დაფინანსების მოთხოვნა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისთვის, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დაფინანსება ნიშნავს, რომ ისრაელი დახმარებას მიიღებს მძევლების გასათავისუფლებლად და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად იმ სამოქალაქო პირებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმის“ შემდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის მოთხოვნილი თანხა განკუთვნილი იქნება წვრთნის, აღჭურვილობისა და შეიარაღებისთვის, რათა დაეხმაროს მას, „თავი დაიცვას და დაიბრუნოს საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და რუსეთის აგრესიისგან დაიცვას უკრაინელი ხალხი“.

ასევე ნახეთ ბაიდენი: აშშ არ დაუშვებს „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას

ბაიდენმა დაფინანსების მოთხოვნას საფუძველი ჩაუყარა თავის 19 ოქტომბრის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეჭრა და ღაზის სექტორში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს, საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს დემოკრატიას.

„‘ჰამასი’ და პუტინი სხვადასხვა საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ორივეს სურს, გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია,“ თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ეს ფინანსები არის „ბრძნული ინვესტიცია“, რაც „ამერიკის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში მოუტანს დივიდენდებს“.