ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება - სუსის უფროსი

გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუსის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიასთან ოჩამჩირის პორტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. (ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსება იგეგმება.) გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ოჩამჩირის ე.წ. პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ შეძლებს.

"ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდე ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე. თუმცა მინდა გითხრათ, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწვის ნავებს, კატარღებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. ამისათვის, რომ გარდაიქმნეს არსებული ინფრასტრუქტურა, ამას დასჭირდება, სულ მცირე, სამი წელიწადი, ექსპერტების გათვლებით, მე ექსპერტი არ ვარ, რათა ეს პორტი თავის წყლის დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით მოვიდეს ამ კონდიციამდე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ის გამოეხმაურა ასევე შესაძლო საფრთხეს, რომელსაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის განთავსება უქმნის მშენებარე ანაკლიის პორტს.

მისი თქმით, "ოჩამჩირის პორტი საფრთხეს მხოლოდ ანაკლიის პორტს კი არ უქმნის, არამედ ანაკლიის პორტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს".

"ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით. ის, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, ეს იყო, არის და თუკი ასე გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის", - განაცხადა სუსის ხელმძღვანელმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერი დასასრულს უახლოვდება. საქართველოში პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება. უფრო ადრე, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2020 წლის დასაწყისში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია". ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას, ამ საკითხზე მიღებულიყო რეზოლუცია, რომელიც დაგმობდა "რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა".