სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნასა და შებღალვას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 174 (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.